|
2018-06-19 10:49:36, 854 ნახვა
სამართალი
Amnesty International - ახალმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ხორავას ქუჩისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების სწრაფი გამოძიება
საქართველოს ახალმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ხორავას ქუჩისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების მოუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება, - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ანგარიშშია აღნიშნული. „თბილისში ბოლო კვირეების განმავლობაში გამართული დემონსტრაციების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. მისმა გადადგომამ მთელი მინისტრთა კაბინეტის დათხოვნა გამოიწვია. ახალი მთავრობის ფორმირება მიმდინარე კვირაშია მოსალოდნელი. პროტესტი გამოწვეული იყო მკვლელობის საქმეზე სადავო სასამართლოთი და ასახავდა ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის სისტემა არაეფექტიანია. საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ, რომ გასამართლდეს ყველა პირი, ვინც გამოძიებაზე გავლენა მოახდინა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები. საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე ჩათვალა, რომ გამოძიება არაეფექტურად ჩატარდა. 31 მაისს დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილი საქმის გამოსაკვლევად საქართველოს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა“, - აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშში ასევე საუბარია პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე. „ორი მოზარდის მკვლელობის გამოძიება ერთადერთი შემთხვევა არ არის, რომელმაც საქართველოში სისხლის სამართლის სისტემასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია. თბილისში დემონსტრაციების კიდევ ერთი მთავარი მონაწილე იყო მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის შვილიც, თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს. ოფიციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, როდესაც ის ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამტკიცებს, რომ მისი შვილი ამ დროს საწოლზე იწვა და ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა და არა ხელყუმბარა. ის უარყოფს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან ჰქონდა კავშირი. ხელისუფლებამ მისი მკვლელობის გამოძიება ნელა და იძულებით, თუმცა მაინც დაიწყო. ამ მასალის დაწერისას, გამოძიების რაიმე ხელშესახები შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა“, - ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეებზე ახალმა მთავრობამ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება უნდა ჩაატაროს. საქართველოს ახალმა მთავრობამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა იმისათვის, რომ ქვეყანაში სისხლის სამართლის სისტემაში სანდოობის დეფიციტი შემცირდეს. ამგვარმა ზომებმა უნდა გააძლიერონ არსებული სისხლის სამართლის სისტემაში მომუშავე ყველა გამომძიებლის მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და ინტეგრირებულობა. დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეებზე საქართველოს ახალმა მთავრობამ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება უნდა ჩაატაროს. მოკლულთა ოჯახებს და მათ ადვოკატებს მიმდინარე გამოძიების შესახებ დროული სიახლეები უნდა მიეწოდოს, გამოძიების შედეგი კი, უნდა გახდეს საჯარო განხილვის საგანი“, - ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)