საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე თანამშრომლები საგარეო უწყებიდან გაუშვეს
რეორგანიზაციის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს.
ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ღიად გააკრიტიკეს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული ყველა ადამიანი ხელს ხელს აწერს შესაბამის პეტიციას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 2024 წელს გაავრცელეს.
ერთ-ერთი გათავისუფლებული არის ქეთი ფრუიძე, რომელიც ამბობს, რომ პრინციპულად არ მიიღო მონაწილეობა მის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში. ის ფიქრობს, რომ ეს პროცესი კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების დამცირებაა.
“მე არ მივიღე მონაწილეობა “რეორგანიზაციის” საფარს ამოფარებულ პროცესში, სადაც შტატის გაუქმების გარეშე კონკურსი გამოაცხადეს ჩემს პოზიციაზე. კარგად ვიცოდი რას ემსახურებოდა ეს მასკარადი – კრიტიკული პოზიციის მქონე საჯარო მოხელეების, მათ შორის ჩემს დამცირებას და გატეხვას. ამ პროცესის მიზანი თავიდანვე იყო ჩვენი სამაგალითოდ დასჯა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი სხვა საჯარო სამსახურებთან შედარებით გვიან დაიწყო. ეს ნაწილობრივ ალბათ განაპირობა იმანაც, რომ ჩვენს შემთხვევაში ძალიან ბევრი ხელმომწერი ჰყავდა ცნობილ პეტიციას, სადაც ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს უალტერნატივოდ მივიჩნევდით და მტკიცედ ვუჭერდით მხარს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
დღესაც ამ აზრზე ვარ – მტკიცედ მწამს ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის და მიმაჩნია რომ ეს არჩევანი უალტერნატივოა საქართველოს მსგავს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის. ვამაყობ იმ კოლეგებით ვინც ძალიან მნიშვნელოვანი შრომა და წინააღმდეგობა გასწია ამ პროცესში, ქვეყნის ინტერესები პირად ინტერესებზე წინ დააყენა და უბრალოდ არ გაჩუმდა უსამართლობაზე და ქვეყნის უკუსვლაზე, ბევრი მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, საგარეო პოლიტიკა თუ სხვა.
ავტორიტარიზმი ლაკმუსის ქაღალდივითაა. ის ყველაზე უკეთ წარმოაჩენს ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ღირებულებების, ქვეყნის ინტერესების ერთგულნი რჩებიან ნებისმიერ სიტუაციაში და მეორეს მხრივ ადამიანებს, რომლებიც სხვისი უბედურების და ქვეყნის ინტერესების დაზიანების ხარჯზე ითბობენ ხელს. ასეთი ადამიანები აუცილებლად ამახსოვრდება ისტორიასაც. აქ დაგემშვიდობებით. აუცილებლად შევხვდებით უკეთეს საქართველოში!”, – წერს ფრუიძე, რომელიც უწყებაში 4,5 წლის განმავლობაში მუშაობდა.
კიდევ ერთი გათავისუფლებული საჯარო მოხელეა ანა ჩიტალაძე, რომელიც სამინისტროში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობდა.
“რეორგანიზაციის საბაბით სამინისტროდან გაუშვეს ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ხალხის არჩევანს ერთგულად და პროფესიოანლიზმით ემსახურებოდნენ. ეს მხოლოდ კადრების ცვლილება არ არის, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეჩერების ინსტიტუციური გაფორმება, ზოგადად, ინსტიტუციის მოშლა და ინსტიტუციური მეხსირების მიზანმიმართულად წაშლა, რაც სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავრი საყრდენია […] სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ასევე, საკუთარი თვალით ვუყურებდი იმ გაკვეთილს, რომელიც არსად ისწავლება – როგორი საგარეო პოლიტიკა არ(!) უნდა ჰქონდეს საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას, იმისათვის რომ გადარჩეს და შეძლოს საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
რთულია იმის ყურება, თუ როგორ ჩამოშორდა საქართველო იმ გზას, რომელიც მრავალი თაობის ბრძოლის, დაღვრილი სიხლისა და შრომის ფასად მოვიპოვეთ. ამ გზას ბნელი, რუსული წარსულიდან ნათელ, დემოკრატიულ და ევროპულ მომავლამდე უნდა მივეყვანეთ. დღეს, საგარეო ვექტორი მხოლოდ საგარეო პილიტიკური პრეფერენციის საკითხი არ არის – ის ეგზისტენციური არჩევანია. გადამწყევტი ბრძოლა არა გარე მტერთან, არამედ საკუთარ თავებში გვაქვს მოსაგები. მჯერა, რომ მომავლის რწმენით და ღირებულებების ერთგელებით აუცილებლად გავაგრძელებთ გზას უკეთესი მომავლისკენ”, – წერს ჩიტალაძე.
გათავისუფლების შესახებ დაწერა თეა ჯანაშიამაც. ჩიტალაძის მსგავსად, ისიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობდა.
“წასვლა არ ნიშნავს დასრულებას. დიპლომატიაში გატარებული წლები ჩემთვის იყო ცხოვრების განსაკუთრებული ეტაპი – პროფესიული ზრდის, გამოწვევების და პასუხისმგებლობის. ამ გზის დასრულება ნამდვიალად რთულია და მტკივნეული. მადლიერი ვარ პროფესიული ზრდისთვის და ერთგული კოლეგებისთვის. ეს მხოლოდ შეჩერებული ეტაპია. არა დასასრული. თანადგომა ჩემს კოლეგა დიპლომატებს ამ რთულ მოცემულობაში მომავლის იმედით – საქართველოს ევროპული გზისკენ”, – წერს ჯანაშა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა შალვა ცისკარიშვილმაც, რომელიც უწყებაში 28 წელი მუშაობდა, ბოლო – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. მან, სხვა დასაქმებულების მსგავსად, უარი თქვა, რეორგანიზაციის ფარგლებში დანიშნულ კონკურსებში მონაწილეობაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის შესახებ ორი თვის წინ, 2025 წლის მაისში, გახდა ცნობილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,