02:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 09:38:05, 482 ნახვა

საზოგადოება
ხიდაშელი: თქვენ გმირები გაზარდეთ და განსაკუთრებული ყურადღება გჭირდებათ

აჭარის მაღალმთიანეთი, სამეგრელო, გურია, იმერეთი, ქართლი, კახეთი... თავდაცვის მინისტრისთვის პრობლემების პირადად სათქმელად გარდაცვლილი ჯარისკაცების დედები გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროში შეიკრიბნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა გმირების ოჯახის წევრებთან სასაუბროდ ტრიბუნა და სცენა ზედმეტად მიიჩნია და უშუალო გარემო ირჩია.

„თქვენ გმირები გაზარდეთ და განსაკუთრებული ყურადღება გჭირდებათ“,- მიმართა მინისტრმა გარდაცვლილი სამხედროების დედებს და იქვე მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მრჩეველი მაია ქავთარაძე, სწორედ, მათი ყველა პრობლემის დეტალურად შესასწავლად დანიშნა. შემდეგ კი მრჩევლის გარდა სტუმრებს მოადგილე ანა დოლიძეც წარუდგინა.

თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის სურვილი, თავდაპირველად, რამდენიმე გარდაცვლილი სამხედროს დედამ სამინისტროში გამოგზავნილი წერილით გამოთქვა. თუმცა მოგვიანებით, მინისტრი აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილი ყველა სამხედროს ოჯახის წევრებს შეხვდა.

სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში შეკრებილებმა ბევრი შეკითხვა დასვეს, სათქმელის ნაწილი კი წერილობით მოიტანეს.

ქუჩების, სკვერებისა და სკოლებისთვის გარდაცვლილი სამხედროების სახელების მინიჭება, სოციალური პროგრამები და დაღუპულთა ოჯახების კომპენსაცია - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებ კითხვები ღიად დაისვა.

თავდაცვის მინისტრი გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს სახელმწიფოსგან თანაბარ მიდგომას დაჰპირდა.

„თუ ვერ ვახერხებთ სამი ბინა ვაჩუქოთ ყველას, არ ვაჩუქებთ არც ერთს, ვინმე პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვერ იქნება“,- განმარტა თინათინ ხიდაშელმა და ფინანსური დახმარების კუთხით სამინისტროსთვის პრიორიტეტად გმირების ოჯახების წევრთა განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება დაასახელა.

„ვაპირებთ, რეგულარულად შევხვდეთ გარდაცვლილი სამხედროების დედებს. ამ ადამიანებმა გმირები გაზარდეს და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ეს შეხვედრამაც კარგად აჩვენა. სურთ, მათი შვილების სახელები იყოს მემორიალზე, დაერქვას ქუჩებს... ყველას უნდა მივაგოთ სათანადო პატივი საკუთარ სოფელში, საკუთარ ქალაქში და მათი სახელი უკვდავვყოთ“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

მინისტრი გარდაცვლილი სამხედროების ოჯახების სხვა პრობლემებსაც იკვლევს და მთავრობასთან ერთად მათ მოგვარებაზე იზრუნებს. დღეს მოსმენილ პრობლემებზე პირველადი შედეგების შესახებ კი ოქტომბერში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებს.

გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებისთვის პრობლემური საკითხების დროულად მოგვარებაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემაც გაამახვილა ყურადღება.

ანა დოლიძის აზრით, ყველა გმირი სათანადოდ რომ დაფასდეს, ბევრი რამ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და მეტად უნდა გაქტიურდნენ მუნიციპალიტეტებიც.

„დაღუპული მშობლები და ოჯახები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან, ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ სახელმწიფომ სათანადოდ სცეს მათ პატივი. საჭიროა მუნიციპალიტეტებმა აქტიურად იმუშაონ და პრიორიტეტებად მიიჩნიონ ადამიანები, რომელთა შესახებ მეხსიერებაც ჩვენმა სახელმწიფომ სამუდამოდ უნდა შეინარჩუნოს“.

გარდაცვლილი სამხედროების დედები საკუთარ პრობლემებზე ყვებოდნენ, ყურადღებისთვის კი თინათინ ხიდაშელს მადლობას უხდიდნენ.

„მართალია, გული მკვდარი გვაქვს ყველა დედას, მაგრამ ესეც კარგია, რომ ხანდახან ჩვენს გაჭირვებას გულთან მიიტანენ და გვკითხულობენ“,- თქვა მანანა ჭონიშვილმა - ცხინვალში დაღუპული ოლეგ ჭონიშვილის დედამ.

შინდისში დაღუპული ლევან მელქაძის დედა ქეთევან ტორონჯაძე სახელმწიფოსგან ბევრს არ ითხოვს. „შეუძლებელს ვერავინ გააკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გაჭირვებულია და დახმარება სჭირდება. ვერაფერს მოვითხოვთ ისეთს, რაც არ არის რეალური. მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებენ, რისი საშუალებაც არსებობს.“

ცრემლიანი თვალებით ყვება საკუთარ თხოვნას და გასაჭირს ქეთევან სუხიტაშვილი -ცხინვალში უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის დედა: „მადლობელი ვარ მინისტრის, რომ დედებთან შეხვედრა დაგეგმა. ჩემი შვილი ჩემი სოფლიდან 20 კილომეტრშია დაკარგული და საფლავიც არ მაქვს. ძალიან ვთხოვ ქალბატონ მინისტრს, დაგვეხმაროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დედებს“, - ამბობს გმირი დედა და იმედოვნებს, რომ შვილის საფლავის მოწყობას საკუთარ სიცოცხლეში შეძლებს.

თავდაცვის მინისტრი გარდაცვლილი სამხედროების დედებსა და ოჯახის წევრებს დროებით დაემშვიდობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics