17:34 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 18:03:38, 1050 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა

22 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის მკაფიო დასტურია.

საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს. კანონპროექტს ამ ეტაპზე 23 თანასპონსორი ჰყავს, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიებიდან.

ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და  რუსეთის მიერ  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა  დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.

საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. ამ სახით, კანონპროექტი ეხმიანება  „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ" საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას; მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.

კონგრესი  აშშ-ში შესვლის აკრძალვისა და ფინანასური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე დეტალური ანგარიშის წარდგენას.

კანონპროექტით აშშ-ს კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს  საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით  გამოდის.

კერძოდ, საკანონმდებლო აქტით კონგრესი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარების, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების შეფასების ანგარიში და ამ მიმართულებით, მომავალი ხუთი წლის სტრატეგია წარადგინოს. კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ  აღნიშნული, საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და აშშ-ს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას  ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

როგორც შემდგომი ნაბიჯი, საკანონმდებლო აქტის პროექტი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სხვა, შესაბამისი კომიტეტების დამტკიცების შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე იქნება განხილული და მასზე დამტკიცების შემთხვევაში იგი აშშ-ის სენატს გადაეგზავნება. აშშ-ის სენატის მიერ, საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცების შემთხვევაში კი, იგი გაეგზავნება პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რომლის შემდგომაც აქტი კანონის ძალა შეიძენს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics