07:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 14:46:42, 2687 ნახვა

მსოფლიო
მსოფლიო ლიდერები აშშ-ის მიერ სირიაში განხორციელებულ სამხედრო იერიშს აფასებენ

მსოფლიო ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიაში საავიაციო ბაზაზე განხორციელებულ სამხედრო იერიშს აფასებენ.

მომხდართან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

"სირიაში განვითარებული ვითარების გამო პრეზიდენტ ასადმა პასუხი უნდა აგოს. მის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება და მასობრივი დანაშაული არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. ეს ის არის, რასაც საფრანგეთი და გერმანია ითხოვდნენ 2013 წლის ზაფხულში, გოუტაზე განხორციელებული ქიმიური თავდასხმის შედეგად. საფრანგეთი და გერმანია გააგრძელებს თავის მცდელობას, თავიანთ პარტნიორებთან ერთად, რათა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენება სწორი გზით იყოს დასჯილი", - ნათქვამია ორი ქვეყნის ლიდერის განცხადებაში.

სირიის ბაზაზე განვითარებულ მოვლენებს ევროკავშირიც გამოეხმაურა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ამერიკის იერიში საჭირო გახდა, იმისთვის, რომ ბარბაროსული ქიმიური თავდასხმის პრობლემა გადაჭრილიყო.

"ევროკავშირი მხარს დაუჭერს და ერთობლივად იმუშავებს ამერიკასთან ერთად, რომ სირიაში არსებული სისასტიკე დასრულდეს", - წერს ტუსკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

მომხდარს იტალიის პრემიერ-მინისტრი პაულო ჯენტილონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ის იერიში საავიაციო ბაზაზე არის "მოტივირებული პასუხი ომზე, რომელზეც სირიაა პასუხისმგებელი".

აშშ-ის ქმედებებს პოლონეთის მთავრობამაც დაუჭირა მხარი: "ამერიკა არის მსოფლიოში მშვიდობისა და წესრის გარანტი. არის სიტუაციები, როდესაც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინო. სიტუციები, როდესაც უნდა იმოქმედო", - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა რაფალ ბოჩენეკმა.

ამასთან, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის მალკოლმ ტურნბულის განცხადებით, ეს პროპორციული ქმედებები იყო და სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა მკაფიო მესიჯი მიიღო.

რაც შეეხება თურქეთის მთავრობის შეფასებას, საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, აშშ-ის იერიში სირიის საავიაციო ბაზაზე "ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იყო". მანვე დასძინა, რომ თურქეთი აშშ-ს სრულად უჭერს მხარს.

განსხვავებული პოზიცია აქვს, ირანის ხელისუფლებას. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენლის განცხადებით, ირანი გმობს ნებისმიერი ასეთი ტიპის ცალმხრივ ავიაიერიშებს. ირანის შეფასებით, ასეთი ქმედებები ტერორისტებს გააძლიერებს და სირიის რეგიონში არსებულ სიტუაციას გააღვივებს.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიის საავიაციო ბაზაზე განხორციელებულ იერიშს მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობაც. რაც შეეხება რუსეთს, ოფიციალურმა კრემლმა აშშ-ის მიერ სირიაზე თავდასხმას „სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია“ უწოდა.  

შეგახსენებთ, რომ საავიაციო ბაზაზე თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა. ამერიკამ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა და 59 "Tomahawk"-ის ტიპის რაკეტა გამოიყენა. ჰომსის გუბერნატორის ტალალ ბარაზის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიაზე განხორციელებულ იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაიჭრა.

თავდასხმები ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც 2 ხომალდია განთავსებული. ამერიკამ სირიაზე თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც რამდენიმე დღის წინ იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნულ თავდასხმას 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics