00:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 18:28:24, 833 ნახვა

ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2015 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა, დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის 2015 წლის წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა წარადგინა.

ანგარიში ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს. დოკუმენტში წარმოდგენილია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ხელმძღვანელობდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი. ანგარიშში ასახულია აგრეთვე ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც 2015 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის ამოცანების შესრულებაზე არსებით ზეგავლენას ახდენდა.

მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანებზე და ამ მიმართულებით, ფინანსური სისტემის სტაბილურობასა და გამჭვირვალობაზე გაამახვილა ყურადღება. „გასულ წელს გაჩნდა კითხვები და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკის ფუნქცია არის ფასების სტაბილურობა და ყველა ჩვენი ქმედება ამისკენ არის ორიენტირებული“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

მომხსენებელმა 2015 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონეტარულ პოლიტიკას ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკური გარემოს, მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებისა და ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე ახორციელებდა. გათვალისწინებული იყო საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ფასების დინამიკა, მთავრობის ფისკალური პოლიტიკა, საფინანსო და სავალუტო ბაზრებზე არსებული ტენდენციები, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების დინამიკა, სამომხმარებლო ფასების კალათისა და მონეტარული გადაცემის თავისებურებანი. მისივე თქმით, ეს პერიოდი გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი საგარეო შოკებით, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ქვეყნის შიგნით მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე.

ანგარიშის წარდგენისას, არჩილ მესტვირიშვილმა ინფლაციის მაჩვენებლებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, 2015 წლის პირველ ნახევარში, ინფლაცია დაბალი მაჩვენებლით გამოიხატებოდა, წლის მეორე ნახევარში დაიწყო ზრდა. მისივე ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში, ფასები იმპორტირებულ პროდუქტზე გაიზარდა, მათ შორის მედიკამენტებზე, რამაც ჯანდაცვის მომსახურების გაძვირებაში ჰპოვა ასახვა. „2015 წლის დასაწყისში ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდებოდა, თუმცა შემდგომ მოიმატა და დარჩენილ პერიოდშიც ზრდადი დინამიკით ხასიათდებოდა. საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 4.9 პროცენტი შეადგინა, რაც შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნული ბანკის 5 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან.“ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ეს მაჩვენებელი გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნდება.

ანგარიშის წარდგენისას, მომხსენებელმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2015 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2.8%-მდე შენელდა. საგარეო მოთხოვნის შესუსტების ფონზე 4.9%–იანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ზრდის ტემპი ეკონომიკის ყველაზე მსხვილ დარგში - ვაჭრობაში. ზრდის მთავარი მამოძრავებელი მშენებლობის დარგი იყო. ეს დარგი წლის განმავლობაში 15.2%-ით გაიზარდა და ყველაზე დიდი წვლილი, 1.1 პროცენტული პუნქტი, შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში.

არჩილ მესტვირიშვილმა ყურადღება მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კომუნიკაციის გააქტიურებაზე გაამახვილა: „ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში კომუნიკაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან მნიშვნელოვანი ხდება საზოგადოებრივი მოლოდინების სწორად ჩამოყალიბება და წარმართვა. ეროვნული ბანკის დროული და ეფექტიანი კომუნიკაცია მისი მიზნების, სტრატეგიისა და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის შესახებ ზრდის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების პროგნოზირებადობას“ -განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

„ამ მოწვევის პარლამენტის მთავარი გამარჯვება არის ის, რომ ინსტიტუტის გაძლიერებისაკენ გადაიდგა ნაბიჯი. დღეს უკვე გამოჩნდა, რომ სისტემა მდგრადია და მან მნიშვნელოვან გამოწვევებს გაუძლო“ - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ. მისივე თქმით, ანგარიშშიც ნათქვამია და კომიტეტიც იზიარებს, რომ იმ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რაც დღეისათვის არსებობს, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები და მიზანშეწონილია ეროვნული ბანკის მხრიდან პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივების წარმოდგენა მოხდეს დროულად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics