|
2016-06-18 12:29:46, 855 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: ინვესტორები დღეს საქართველოს სახით ხედავენ სტაბილურ, სწრაფად განვითარებად ქვეყანას
ინვესტორები დღეს საქართველოს სახით ხედავენ სტაბილურ, სტუმართმოყვარე და სწრაფად განვითარებად ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გასული წლების მანძილზე, საქართველო საერთაშორისო საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით, მნიშვნელოვნად დაწინაურდა. „მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მანძილზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 376.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მეზობლებთან და ახლო მეზობლებთან, ჩვენი, ზოგადად პარტნიორული დამოკიდებულების წყალობით, ჩვენ, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა, ან თუნდაც რუსეთში ბიზნესის წარმოების შესანიშნავი საწყისი წერტილი ვართ. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოში ბიზნესის კეთება ერთ-ერთი უმარტივესია. მსოფლიოს მასშტაბით საგადასახადო ტვირთის სიმცირით მე-9 ადგილს ვიკავებთ. ყველა ძირითადი სარეიტინგო სააგენტო სტაბილურ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, შიდა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი წინაპირობაა. „ჩვენ გვჯერა, რომ შიდა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი წინაპირობაა. ჩემი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი მიზნად ისახავს უზრუნველყოს მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ზრდა. რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემას, კაპიტალის ბაზრებს, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებსა და საპენსიო სფეროს. ეს გეგმები ცხადყოფს მთავრობის მონდომებას, შექმნას თანამედროვე, განათლებული და ჯანსაღი ქართული მუშახელი, რომელიც მზადაა გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „წარმატებული რეფორმებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიციების ათწლეულზე მეტის შემდეგ, საქართველო ხდება აბრეშუმის გზის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სატრანზიტო რგოლი“. მისივე თქმით, საქართველო მუშაობს საჭირო "ტექნიკის" შექმნაზე, რაც სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას გულისხმობს.პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად, ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ "პროგრამული უზრუნველყოფის" - საერთაშორისო ვაჭრობის კუთხითაც. „სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ჩვენი შავი ზღვის პორტების შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის გეგმა შემუშავდა აშშ-ში, ნიუ ჯერსიში დაფუძნებული „Conti ჯგუფის" და ქართული „თიბისი ჯგუფის" მონაწილეობით შექმნილი კონსორციუმის მიერ - მისი წლიური ტვირთბრუნვა 100 მილიონი ტონა იქნება და აქ შესაძლებელი იქნება პანამაქსის ტიპის დიდი გემების განთავსება“, - განაცხადა პრემიერმა. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად ორი დიდი გვირაბი შენდება, რაც სარკინიგზო სიჩქარეს 50%-ით გაზრდის. „ჩვენ ასევე ვიღებთ ზომებს ჩვენი სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაციის მიზნით. საქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად შენდება ორი დიდი გვირაბი, რაც სარკინიგზო სიჩქარეს 50%-ით გაზრდის და გაასამმაგებს ჩვენი ქსელის შესაძლებლობებს. ჩვენს აზერბაიჯანელ და თურქ პარტნიორებთან ერთად, ვაშენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზს, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს თურქეთის გავლით ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს შესაძლებელს გახდის აზიიდან ევროპაში საქონლის 45% -ით უფრო სწრაფ მიწოდებას. მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის და სხვა დონორების დახმარებით, ასევე მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის - საქართველოს მთავარი სატრანსპორტო არტერიის გაუმჯობესების პროცესი. ლოგისტიკის სფერო განუწყვეტლივ ინვესტირებას საჭიროებს. შთამბეჭდავია, რომ საერთაშორისო კომპანიებმა იგრძნეს არსებული პოტენტიალი და მზად არიან ინვესტირებისთვის. მაგალითად, Gebruder Weiss, ავსტრიული სატრანსპორტო გიგანტი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად საქართველოს პირველი ა კლასის ლოჯისტიკური ცენტრის აშენების მიზნით „თეგეტა მოტორსთან" თანამშრომლობდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)