17:06 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-10 16:49:08, 300 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka

რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ გავრცელებული ხმების ფონზე, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში რეკორდული რაოდენობის რუსეთის მოქალაქეები გაემგზავრნენ. 

დამოუკიდებელი გამოცემა Verstka რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში, სერბეთსა და სომხეთში სულ 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა, რაც ბოლო 17 წლის განმავლობაში უმაღლესი მაჩვენებელია.

ყველაზე დიდი ნაკადი საქართველომ მიიღო, სადაც 660 300 რუსეთის მოქალაქე შევიდა - გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 43 300-ით მეტი. ეს მაჩვენებელი 43%-ით აღემატება რუსეთში 2022 წლის სექტემბერში გამოცხადებული მობილიზაციის პერიოდის მონაცემს, როდესაც საქართველოში 461 200 რუსი ჩავიდა.

კიდევ 402 300 რუსეთის მოქალაქე გაემგზავრა სომხეთში, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემზე 57 600-ით მეტია. რაც 2010 წლის შემდეგ სომხეთში ჩასული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა.

სერბეთმა კი რუსეთიდან 64 800 ვიზიტორი მიიღო, რაც დაახლოებით 14 000-ით მეტია 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.

მონაცემები მოიცავს რუსეთის ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ამ სამ ქვეყანაში გაემგზავრა, მიუხედავად ვიზიტის მიზეზისა.

მიმართვების მკვეთრ ზრდაზე მიუთითეს რელოკაციის სააგენტოებმაც. პროექტ  Релокац-ის ("რელოკაც") განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები ემიგრაციის თაობაზე თითქმის ორჯერ მეტ განაცხადს ავსებენ, ვიდრე ადრე. უმეტესობა მათგანი ქვეყნის დატოვებას სექტემბრამდე ან ოქტომბრამდე ცდილობს.

დამოუკიდებელი გამოცემა Meduza-ს ცნობით, საქართველოში, სერბეთსა და სომხეთში მომუშავე აგენტებმა ასევე დააფიქსირეს ივლისის ბოლოდან რუსეთის მოქალაქეების მხრიდან გრძელვადიანი ქირაობის მოთხოვნების მკვეთრი მატება.

ცნობისთვის, 11 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთი დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მობილიზაციის დამატებითი ტალღის გამოცხადებას აპირებს.

ზელენსკის თქმით, ახალი ტალღის ფარგლებში წლის ბოლომდე რუსეთის რამდენიმე ასობით ათასი მოქალაქის, შემდგომი წლისთვის კი იგივე რაოდენობის მობილიზება იგეგმება. 

ამასთან, OTPOR - რუსული ორგანიზაცია, რომელიც მობილიზაციის თავიდან არიდების მსურველებს სამართლებრივ დახმარებას უწევს - იუწყება, რომ რუსეთის უსაფრთხოების ძალები აეროპორტებში მამაკაცების სამხედრო აღრიცხვის სტატუსს ამოწმებენ და ახალ მოქალაქეებს სამხედრო გაწვევის უწყებებს აბარებენ.

უკრაინულმა პარტიზანულმა მოძრაობამ Atesh-მა ორგანიზაცია OTPOR-ის შეტყობინება გაავრცელა, რომლის თანახმადაც აქტივისტებმა ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტში აღრიცხეს შემთხვევები, როდესაც მამაკაცებს, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა ახლახან მიიღეს, ჩაფრენისთანავე გაწვევის უწყებები ჩააბარეს.

"ახლა დამატებითი შემოწმებები აეროპორტებშიც ტარდება. ეს მობილიზაციის ახალი ტალღის მანიშნებელია და კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით დავაკვირდეთ". -  ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics