22:49 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 10:43:52, 1051 ნახვა

პოლიტიკა
NGO-ები „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“

არასამთავრობო ორგანიზაციები დაა მედიის წარმომადგენლები უცხოური გავლენის აგენტების შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

მათი განცხადებით, „რუსული კანონი საქართველოს არჩევანი არ არის“ და მისი მიღების მცდელობა არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული.

"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.

ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროვებთ.

რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით.

ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე - ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე",- ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". 

ამასთან, როგორც გუშინ მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა "ქართული ოცნება" „უცხოური აგენტების შესახებ“ შესახებ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics