23:47 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 16:44:15, 1703 ნახვა

საზოგადოება
რომის პაპმა ილია მეორეს წერილი გამოუგზავნა

რომის პაპმა ფრანცისკე I-მა  სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს წერილი გამოუგზავნა. 

30 ნოემბრით დათარიღებული წერილი საპატრიარქომ დღეს გამოაქვეყნა.

„ექსპრესნიუსი“ ილია მეორისთვის რომის პაპის მიერ გამოგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ფსალ. 133, 1-2). სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, თქვენს გვერდით ყოფნისას. ვიგონებ რა იმ დაუვიწყარ სტუმრობას საქართველოს უმშვენიერეს მიწაზე, განსაკუთრებული სიახლოვითა და გრძნობით მახსენდება თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა. მადლობას ვუძღვნი მამაზეციერს, რომ შესაძლებლობა მომცა გულში ჩამეკრა ძმა და მოწმე, რომელიც უფალმა აღავსო ლოცვა-კურთხევით, ძვირფას ქართველ ხალხს რომ მოუვლინა.

ძვირფასო ძმაო, არ მავიწყდება ის სიტყვები, თბილისში რომ მითხარით, როცა ქართველებისთვის დამახასიათებელი კეთილშობილი და გულწრფელი სტუმართმოყვარეობით მიმიღეთ: „პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ. ამიტომ, ჩვენც მუდამ განსაკუთრებულად გულითადი ურთიერთობა გვქონდა და უნდა გვქონდეს“. სწორედ ასეთივე სულიერი და ძმური სიყვარულით გწერთ, რათა წრფელი გულით გაგიმჟღავნოთ ჩემი სანუკვარი სურვილი - კვლავაც პირადად შეგხვდეთ მომავალ წელს.

მართლაცდა, 2020 წელს 40 წელი უსრულდება თქვენს ისტორიულ ვიზიტს ვატიკანში. ამ მოვლენის აღსანიშნავად სათანადო ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის, მაღალი დონის მუსიკალური პროექტები, რომელშიც გვსურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საპატრიარქოს მგალობელთა გუნდმა და „სიქსტეს“ საპაპო სამუსიკო კაპელამ. შესანიშნავი იქნებოდა, თუ ამ ღონისძიებებს დაესწრებოდა თქვენი უწმინდესობა, რომლის სულისშემძვრელი საეკლესიო მუსიკალური ქმნილებებიც ღირსია აღიარებისა და დაფასებისა.

ძვირფასო ძმაო, ჩვენი შეხვედრა და ძმური ამბორი უამრავ ადამიანს შთაგონებით აღავსებდა და დააინტერესებდა იმ სულიერებით, საქართველო რომ ატარებს, იმ ხელოვნებით, კულტურითა და ცივილიზაციით, საქართველომ რომ შექმნა რწმენით აღბეჭდილი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, რწმენით, მის ხალხში რომ ფესვგადგმულა და, როგორც თავად დავრწმუნდი, უამრავი განსაცდელის დროს ქრისტიანული გმირობით დამოწმებულა. ამიტომაც, ჭეშმარიტად ღვთის წყალობა იქნებოდა, ჩვენს შორის არსებული უშუალო ადამიანური ურთიერთობების მეშვეობით, გაგვეზიარებინა და გაგვევრცელებინა ის ქრისტიანული სიყვარული, უფალში რომ გვაერთიანებს და წარმოგვეჩინა სილამაზე იმ ფასდაუდებელი საუნჯისა, თქვენი ქვეყანა რომ ქმნის, განსაკუთრებით, თქვენი პიროვნების სახით.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მსურს კვლავაც დაგარწმუნოთ, რომ გამუდმებით ვილოცებ თქვენთვის, რათა უფალმა, მიუხედავად ასაკობრივი სირთულეებისა, მოგმადლოთ ჯანმრთელობა და აღგავსოთ შინაგანი ძალით, სულიერი ნუგეშითა და სიხარულით. ამ გრძნობებით განმსჭვალული გთხოვთ კვლავაც მიმიჩინოთ ადგილი თქვენს გულში და მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებში“, - ნათქვამია წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics