14:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-18 17:47:23, 478 ნახვა

პოლიტიკა
ანდრო ბარნოვი: პრემიერმა პოლიციას მოუწოდა, დასაჯონ ყველა, ვინც ამ კაპიტულანტური რეჟიმის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს

ღარიბაშვილმა დღეს პირდაპირ მოუწოდა პოლიციას, რომ დასაჯონ ყველა, ვინც ამ კაპიტულანტური რეჟიმის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას.

როგორც ბარნოვმა აღნიშნა, გუშინ და დღეს ხელისუფლებამ პირდაპირი ნადირობა გამოაცხადა თავისუფალი ზონის წევრებზე, დღეს კი, მათ უკანონო დაკავებაში უშუალოდ მონაწილეობდა ღარიბაშვილის დაცვა.

"გადავიდნენ ტოტალურ დევნაზე, იჭერენ ჟურნალისტებს. დღეს დააკავეს ტაბულას ჟურნალისტი ლექსო მაჭავარიანი. ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ეს ხელისუფლება მტრად განიხილავს. ამის მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება ხედავს: მისმა კოლაბორაციონისტულმა პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა. რუსეთთან ურთიერთობა არათუ არ დალაგდა, არამედ მცოცავი ოკუპაციის სახით დღითიდღე ძალას იკრებს. ამავე დროს ნათელია, რომ ხელისუფლების კოლაბორაციონიზმი სულ უფრო მეტი მოქალაქის პროტესტს იწვევს", - აღნიშნა ბარნოვმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება პანიკაშია და ცდილობს, მოქალაქეთა პროტესტის ტალღა რეპრესიებით შეაჩეროს.

„ხელისუფლება პანიკაშია და ცდილობს, რეპრესიებით შეაჩეროს მოქალაქეთა პროტესტის ტალღა. ღარიბაშვილმა დღეს პირდაპირ მოუწოდა პოლიციას, რომ დასაჯონ ყველა, ვინც ამ კაპიტულანტური რეჟიმის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს. ამასთან, ეს ხელისუფლება ცდილობს, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნედ გამოაცხადოს ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც სინამდვილეში შექმნა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა! შემზარავია, რომ პატრიოტულად განწყობილი მოქალაქეების პროვოკატორებად გამოცხადება და მათი დევნა სრულად ემთხვევა იმ ცინიკურ მოთხოვნას, რაც ორი დღის წინ კარასინისგან მოვისმინეთ. ჩვენ არ დავუშვებთ პროვინციულ დიქტატურას საქართველოში. ისევ დავდგებით განვითარების გზაზე და ამისათვის მთელი საზოგადოების ერთიანობას მივაღწევთ! მტკიცედ გვწამს, რომ ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. ჩვენს ხალხთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი დღეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ანდრო ბარნოვის პოლიციელთან დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა, სადაც ანდრო ბარნოვი პოლიციელს სიტყვიერად დაუპირისპირდა. იგი სამართალდაცველს ახსნა განმარტებას სთხოვდა, თუ რატომ არ იცავდნენ საზღვარს ქართული სპეცდანაყოფები და როგორ მოახერხეს რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გადმოწევა.

პრემიერმა ბარნოვის ქმედება პროვოკაციად შეაფასა და პოლიციას მოუწოდა მსგავსი ფაქტები აღკვეთოს.

„ეს იყო გარკვეული პროვოკაცია, რასაც გარკვეულმა ჯგუფებმა ასევე პროვოკაციით უპასუხეს. ეს არის საფრთხილო საქმე და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავს პროვოკაციებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარედან მომდინარეს. ეს არის პრინციპული საკითხი. ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგე ვინმე ბარნოვის ქმედება, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ხელისუფლების წარმომადგენელს, პოლიციელს. მე მივმართავ პოლიციელებს ასეთი ტიპის პროვოკაციები დაუყონებლივ აღკვეთონ. პოლიციელმა უნდა დაიცვას თავისი მუნდირი და ღირსება. ეს პოლიციელი, ბარნოვისგან და მისი ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, იბრძოდა აგვისტოს ომში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics