17:11 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-22 16:17:05, 335 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების

სახალხო დამცველის აპარატში 2026 წლის 22 ოქტომბერს რეორგანიზაცია დასრულდა. აპარატის მიერ გავრცელებული განმარტებით, ცვლილებების მიზანი ფუნქციების დუბლირების შემცირება, თანამშრომელთა რესურსის უფრო ეფექტიანად გამოყენება და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებების გაძლიერებაა.

ამ პროცესს კი, აპარატის განმარტებით, წინ უძღოდა სამუშაო პროცესებისა და ფუნქციური მოწყობის შიდა ორგანიზაციული შეფასება.

როგორც სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა სამი დეპარტამენტი:

  • გენდერის,
  • ადამიანის უფლებათა სწავლების,
  • სტრატეგიული სამართალწარმოების.
  • შედეგად შრომითი ურთიერთობა შვიდ თანამშრომელთან შეწყდა.
  • ამასთან, მისი განმარტებით, გარკვეული ფუნქციები დამოუკიდებელი საშტატო ერთეულებიდან შესაბამის დეპარტამენტებში გადავიდა.

 

"რიგი მიმართულებით მუშაობა იყო ძალიან ფრაგმენტირებული, დანაწევრებული და ხშირად დუბლირებული, რაც, როგორც ცხადია, სამუშაო პროცესის შემაფერხებელია, მაგრამ არა მხოლოდ შეფერხებას იწვევს, ეს შედეგებზეც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს. ამიტომ ჩვენ დავაჯგუფეთ ეს თემები, საკითხები, რომლის მიმართულებითაც ასეთი გამოწვევები გვქონდა და მოხდა რეორგანიზაცია, ანუ ამ გამოწვევების საპასუხოდ", - ამბობს თამარ გვარამაძე.

1. სისხლის სამართლის საქმეებზე ზედამხედველობა გაერთიანდა ერთ სტრუქტურულ ერთეულში. მას დაეკისრება ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, ფემიციდზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებზე.

2. გაძლიერდა თემატური დეპარტამენტების როლი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში. აპარატის შესაბამისი მიმართულებები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებების მომზადებასა და მიღებაში.

3. პარლამენტთან მუშაობა განახლებული ფორმით გაგრძელდება. ადამიანის უფლებების დარღვევების აღმოსაფხვრელად აპარატი გააძლიერებს საკანონმდებლო წინადადებებისა და ინიციატივების წარდგენას.

4. გაძლიერდა ქალთა უფლებების მიმართულება. ამისთვის გათვალისწინებულია მეტი ადამიანური რესურსი, ფუნქციების გადანაწილება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის და ქალთა უფლებების საკითხების სხვადასხვა მიმართულების საქმიანობაში ინტეგრირება. ყურადღება დაეთმობა როგორც ინდივიდუალური საქმეების შესწავლას, ისე სახელმწიფო პოლიტიკის მონიტორინგსა და რეკომენდაციების შესრულებას.

5. გაძლიერდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მონიტორინგი. მეტი პროფესიული რესურსი დაეთმობა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის შესრულების შეფასებას, რეკომენდაციების შემუშავებასა და მათი შესრულების კონტროლს.

6. ადამიანის უფლებების შესახებ განათლება და ცნობიერების ამაღლება აღარ იქნება მხოლოდ სამი საშტატო ერთეულის პასუხისმგებლობა. ამ საქმიანობაში აპარატის ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ჩაერთვება.

7. გააქტიურდება ციფრულ სერვისებზე წვდომისა და მოქალაქეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება. მიზნად სახელდება მომსახურების ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაზრდა.

შეკითხვაზე, ხომ არ ქმნის გენდერული მიმართულების დეპარტამენტის გაუქმება და კანონმდებლობაში ტერმინ „გენდერის“ ცვლილება შთაბეჭდილებას, რომ სახალხო დამცველის აპარატი მმართველი გუნდის პოლიტიკურ ხედვებს ერგება, თამარ გვარამაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველი საერთაშორისო დოკუმენტებში აღიარებულ ტერმინ „გენდერს“ კვლავ იყენებს და ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.

მისი თქმით, ქალთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადანაწილდა და ამ მიმართულებით მუშაობა უფრო მეტი ადამიანური რესურსით გაგრძელდება.

"მუშაობა გაგრძელდება სამოქალაქო. სოციალური გარემოს დაცვისა და ქალთა უფლებების დეპარტამენტში, კიდევ უფრო დიდი ადამიანური რესურსით, ვიდრე აქამდე იყო დათმობილი ამ თემებზე", - ამბობს თამარ გვარამაძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics