|
2019-08-02 11:31:42, 2270 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო - ICAO-ში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავენ
საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს ოლუმუივა ბენარდ ალიუს, ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ფანგ ლიუს, საჰაერო ნავიგაციის ბიუროს დირექტორს სტეფან კრემერს, საჰაერო მიმოსვლის მართვის დირექტორატის დირექტორს კრის დალტონს, საავიაციო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს კატალინ რადუს და ICAO-სთან აკრედიტებული ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, განხილვის თემა იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ, სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები განახორციელოს. „ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ამგვარი ნაბიჯები არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს ქარტიას, უხეშად ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეხვედრაზე ICAO-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ICAO როგორც გაერო-ს სტრუქტურა, მხარს უჭერს გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მათ აღნიშნეს, რომ კარგად იცნობენ ამ პრობლემას, რომლის პოლიტიკური შემადგენლის განხილვა გაერო-ს ფარგლებში ხდება, ხოლო ტექნიკურ და სამართლებრივ მხარეს ჩიკაგოს კონვენცია და ICAO-ს წესები არეგულირებ. კერძოდ, მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ჩიკაგოს კონვენცია და ICAO-ს პრინციპები კონვენციის წევრ ქვეყნებს უკრძალავს საჰაერო ნავიგაციის სფეროში ისეთ ქმედებებს, რაც მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს. ამასთან ერთად აღინიშნა, რომ ICAO-ს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის მინიჭებული აქვს ერთიანი სპეციალური კოდი FIR (Flight Information Region), რომლის შეცვლაც, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმა საქართველოს თანხმობის გარეშე შეუძლებელია. ICAO, რომელიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მხრიდან ამგვარი მიმართვის შემთხვევაში არც კი განიხილავს ამ საკითხს, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცის კოდის ცვლილება მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით შეიძლება. შესაბამისად რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. თავის მხრივ საქართველოს ელჩმა ორგანიზაცის წევრებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის წესი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კონსტანტინე ქავთარაძემ ხაზი გაუსვა, რომ 1992-93 წლების სამხედრო მოქმედებების გამო, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ 1993 წელს დაიკეტა. მისი თქმით აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ნებისმიერი საჰაერო მიმოსვლა ამ ტერიტორიის თავზე ექვემდებარება საქართველოს მთავრობის თანხმობასა და ნებართვას. ხოლო იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველოს მთავრობა ვერ ახორციელებს თავის ლეგიტიმურ იურისდიქციას აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სტრუქტურები მოკლებული არიან შესაძლებლობას, უზრუნველყონ ფრენებზე ზედამხედველობის ფუნქციები. ამ პირობებში, შეუძლებელია ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა. ელჩმა სთხოვა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს საჰაერო ნავიგაციის ბიუროს ხელმძღვანელებსა და ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ამ უკანონო მცდელობას, მოსთხოვონ მას პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, გაეროს ქარტიასა და ჩიკაგოს კონვენციას. ICAO-ს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ელჩს მიწოდებული ინფორმაციისთვის და დაადასტურეს ICAO -ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერა“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)