|
2019-07-08 13:49:29, 1647 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: წლების განმავლობაში ენმ-ს ვეფერებოდით, გვეშინოდა ჩვენთვის პრორუსის იარლიყი არ მოეწებებინათ
„წლების განმავლობაში რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაცმოძრაობას“, გვეშინოდა ჩვენთვის პრორუსის იარლიყი არ მოეწებებინათ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას გუშინელი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი იყო და პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ. „გუშინ იყო მცდელობა, რომ აქცენტი გადაეტანათ ერთ ჟურნალისტზე, თუმცა, ყველამ ვიცით, რომ აქ საქმე ერთ ჟურნალისტზე არ არის. საქმე იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში აკეთებდა იმ ყველაფერს, რამაც მოგვიტანა ძალიან მძიმე შედეგები, ახლა იგივეს აგრძელებს ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ამ პოზიციებიდან. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის უბრალოდ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიმართ, ეს არის ამ ყველაფრის გამოძახილი. ეს არ იყო ერთი ჟურნალისტის განცხადება, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანია მაქსიმალური ზიანი მიადგეს სახელმწიფოს. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა კობახიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მოახდინეს ასეთი მყისიერი რეაგირება, როცა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი იხილეს?! კობახიძემ განმარტა, რომ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლებამ მყისიერად მოქმედებდა. „ეს არის არასწორი და თქვენც კარგად იცით. მყისიერი იყო რეაქცია იმასთან დაკავშირებით, ვის სკამზე იჯდა გავრილოვი, უმრავლესობის წვერების მხრიდან და მათ შორის, ჩემი მხრიდან. რეაქცია იყო მყისიერი და რეაქცია იყო პირველი. ჯერ რეაქცია გაკეთდა უმრავლესობის მხრიდან, შემდეგ გაკეთდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. იქაც იყო რეაქცია მყისიერი, აქაც იყო რეაქცია მყისიერი. მმართველმა გუნდმა შესაბამისი განცხადება გააკეთა მყისიერად. სადაც საფრთხე ექმნება სახელმწიფო ინტერესებს და ზიანი ადგება სახელმწიფო ინტერესებს, თითოეულ შემთხვევაში, რეაქცია გვექნება მყისიერი“, - განაცხადა კობახიძემ. მისივე განმარებით, მმართველი გუნდი ენმ-ს წლების განმავლობაში ეფერებოდა, რათა მათთვის პრორუსის იარლიყი არ მიეკერებინათ. „ამ წლების განმავლობაში ჩვენ ყველა ერთად, მათ შორის, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ ვარქმევდით ყველაფერს თავის სახელს. როცა არის მტერი უნდა დაერქვას მას მტერი და ეს არის პრინციპული პოზიცია. ეს პოლიტიკიკური ძალა არის მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიმართ, ასეთი იყო ეს პოლიტიკური ძალა 2012 წლამდე, ასეთი არის ეს პოლიტიკური ძალა 2012 წლის შემდეგ. ეს არის გამოხატული არამხოლოდ მათ ზოგად პოლიტიკაში, არამედ ყველა კონკრეტულ ნაბიჯში, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის მიერ იდგმება. მათ შორის, პარლამენტში, ერთი და მეორე განშტოება, რომელიც წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, მუდმივად წარდგენა ისეთ ინიციატივებს, რომელიც პირდაპირ აზიანებდა სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ მათ ვეფერებოდით, გვეშინოდა მათ ჩვენთვის არ მოეწებათ პრორუსის იარლიყი. ეს იარლიყი ზედმიწევნით შეეფერება სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყველაფერმა გააკეთა 2012 წლამდე იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები ყოფილიყო მაქსიმალურად რეალიზებული ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)