04:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 15:49:27, 1052 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ირაკლი კობახიძის გადადგომის შესახებ განცხადებას ავრცელებს

 „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ირაკლი კობახიძის გადადგომის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულებაა.

„საქართველოს პარლამენტში გამართული საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის  დროს განვითარებულმა მოვლენებმა  მძიმე სურათი შექმნა და საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია, რომლის სოლიდარულიც იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მისცა შესაბამისი, მკაცრი შეფასებები.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამკვიდრებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედებებით. ამ მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება.

ამ ძალებს თავად აქვთ პასუხი გასაცემი, როგორც კანონის და საზოგადოების წინაშე იმ მასობრივი  ძალადობის   ორგანიზებისთვის,  რომელსაც  დილამდე ადევნებდა  თვალს  პირდაპირ  ეთერში ქართული  საზოგადოება.

აქვე, არ  შემიძლია  ხაზი არ გავუსვათ  ქართული  პოლიციის როლს,  რომელმაც  უმაღლესი  თმენის  ვალდებულება  გამოიჩინა   და  ლეგიტიმური  ძალა  გამოიყენეს მხოლოდ უკიდურესად  მძიმე  ვითარებაში. ვითარებაში,   როდესაც  მიდიოდა  მასობრივი  ძალადობის  ორგანიზება,  რომელიც  ემუქრებოდა  სამოქალაქო  მშვიდობასა  და  კონსტიტუციურ  წესრიგს. პოლიციამ  აჩვენა მაღალი  თმენის ვალდებულება და უმაღლესი სტანდარტი.  ყველა ვთანხმდებით, რომ ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული და სრულად ლეგიტიმური. სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირებისას დაშავდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და სამართალდამცავები. სახელმწიფო რა თქმა უნდა  ყველაფერს გააკეთებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ხოლო ყველა სამართალდამრღვევს, ყველა დამნაშავეს და პროვოკატორს უმკაცრესად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე.

რა თქმა უნდა, ჩვენ  მოვახდენთ  რეაგირებას იმ  ცალკეულ შემთხვევებზეც, თუ კი ადგილი ქონდა ძალის გადამეტებას, რაც დამახასიათებელია მსგავსი მასშტაბის დესტაბილიზაციის დროს პოლიციური ოპერაციებისთვის.

„ქართული ოცნება" არის დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება და იგი მაღალი დემოკრატული სტანდარტით გააგრძელებს ქვეყნის მართვას. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას და შესაძლებლობას პოლიტიკურ რევანშს მოწყურებულ ძალებს,   საფრთხე შეუქმნან ქართული სახელმწიფოს  მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics