21:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 14:43:49, 952 ნახვა

პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას დეცენტრალიზაციის საკითხებზე მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას დეცენტრალიზაციის საკითხებზე მიმართავენ და წერილს ავრცელებენ.

როგორც NGO-ების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მოუწოდებენ მთავრობას მისთვის მისაღებ ფორმატში წარმოადგინოს მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის საკითხებზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ამოცანებთან, საქართველოს კონსტიტუციასთან, ქვეყნის მიერ რატიფიცირებული „თვითმმართველობის ევროპული ქარტიის“ პრინიციპებთან და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან.

"სამწუხაროდ, მიმდინარე პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მთავრობას და მის სხვადასხვა უწყებას არ აქვს ჩამოყალიბებული ერთიანი ხედვა დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი განვითარების საკითხებზე. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 21 მაისს წყალტუბოში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლებების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმზე, სადაც აშკარად გამოჩნდა სამთავრობო უწყებების განსხვავებული ხედვები.
დღეს არსებული  პროექტი შეუძლებელია ჩაითვალოს დეცენტრალიზაციის სამთავრობო სტრატეგიის სრულფასოვან დოკუმენტად, ვინაიდან ამ დოკუმენტიდან შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ  რა უფლებამოსილებები, ფინანსები და ქონება ექნებათ მუნიციპალიტეტებს 2025 წლისათვის და, შესაბამისად, რა შესაძლებლობები - მოსახლეობისთვის ხარისხიანი მუნიციპალური სერვისების მისაწოდებლად. დოკუმენტის ამ ხარვეზიდან გამომდინარე, არ არსებობს მკაფიო სამოქმედო გეგმა, რომელშიც იქნება გაწერილი სტრატეგიით დასახული ღონისძიებების განხორციელების ვადები  და შესაბამის გადაწყვეტილებებზე პასუხიმგებელი უწყებები.

დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, ჩამოყალიბდეს სახელმწიფო მართვის ისეთი სისტემა, რომელიც მოახდენს მუნიციპალიტეტების სტიმულირებას, თავიანთი ეკონომიკური აქტივობით გაზარდონ საკუთარი შემოსავლები და ამით უზრუნველყონ საკუთარი კომპეტენციების თუნდაც ნაწილობრივი დაფინანსება. დღეს არსებული სისტემა აიძულებს თვითმმართველობებს, საკუთარი უფლებამოსილებების შესასრულებლად აუცილებელი თანხების მისაღებად მუდმივად ორიენტირებულები იყვნენ ცენტრალური ხელისუფლების კეთილ ნებაზე. ასეთი სისტემა ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების დამოუკიდებლობას, აფერხებს მათი და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ფაქტობრივად, მოსახლეობის მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოფა მთლიანადაა დამოკიდებული ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ დაფინანსებაზე, რაც სულ უფრო მეტად აწვება სახელმწიფობიუჯეტს.რაც დრო გავა, არსებული სისტემის შენარჩუნების პირობებში, კიდევ უფრო შეუძლებელი გახდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისათვის ადეკვატური სერვისების მიწოდება, რაც გაზრდის როგორც სოციალურ, ისე თბილისსა და დანარჩენ მუნიციპალიტეტებს  შორის უთანაბრობის დონეს.

დეცენტრალიზაციის ამოცანა უფლებამოსილებების, ფინანსებისა და ქონების ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემაა. მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის პროექტით, ის არ იღებს  ვალდებულებას, გადაჭრას ამ კუთხით არსებული პრობლემები.  მიუხედავად „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი ვალდებულებისა, შესაბამის სამუშაო ჯგუფებში ჩართული ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შეთავაზებებისა და ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ მიღებული დაპირებისა, დოკუმენტის პროექტში, პრაქტიკულად, არაფერია ნათქვამი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის თაობაზე, არ არის განსაზღვრული, რა კატეგორიის მიწა და რა ვადებში გადაეცემათ ადგილობრივ თვითმმართველობებს, ხოლო ფინანსური დეცენტრალიზაციის კუთხით, განსაკუთრებით, საშემოსავლო გადასახადის ზიარ გადასახადად ქცევის შესახებ არსებული ჩანაწერი ძალიან ბუნდოვანია და არ ატარებს სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებით ხასიათს.

პრობლემად რჩება სამთავრობო პოლიტიკის ის ნაწილი, როცა სტრატეგიაზე მუშაობის პარალელურად, სხვადასხვა უწყებები ცდილობენ, მათთვის წამგებიანი, დოტაციური უფლებამოსილებები, ადეკვატური ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე გადასცენ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც რესურსები, არათუ ახალი, არამედ დღეს არსებული უფლებამოსილებების ხარისხიანად განხორციელებისთვისაც კი არ ჰყოფნით. სამთავრობო სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია, ჩამოყალიბდეს სახელმწიფო პოლიტიკა  მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებსა და მათი ფინანსური რესურსების თანაზომადობის კუთხით (რაც საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაცაა), ამიტომ არ შეიძლება, სტრატეგიაზე მუშაობის პარალელურად, უფლებამოსილებების გადაცემის პროცესი წინ უსწრებდეს თვითმმართველობებისათვის ფინანსური და ქონებრივი რესურსების გადაცემას.

ზოგადად, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამთავრობო დოკუმენტი უნდა მოიცავდეს სხვა არაერთ საკითხს, რომელიც აწესრიგებს მუნიციპალური მართვის სხვადასხვა სფეროს. ამ განცხადებაში ყურადღებას ვამახვილებთ მხოლოდ ორ უმთავრეს პრობლემაზე - ფინანსურ და ქონებრივ დეცენტრალიზაციაზე, რომელთა გადაჭრის ვალდებულება სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის დაწყებისას თავად მთავრობამ აიღო", - ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ: ღია საზოგადოების ფონდი; კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“; ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი; საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა; მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; საქართველოს მედია-კლუბი; ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; სათემო განვითარების ცენტრი; გორის საინფორმაციო ცენტრი; თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი; დემოკრატ მესხთა კავშირი; საქართველოსდემოკრატიულიგანვითარებისკავშირი; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი; რეგიონის განვითარების ცენტრი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი; აგროგილდია; ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics