|
2018-12-31 16:01:23, 1083 ნახვა
საზოგადოება
ლევან მურუსიძე განცხადებას ავრცელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძე განცხადებას ავრცელებს. როგორც მურუსიძის განცხადებაშია აღნიშნული, მის მიმართ რამდენიმე წელია პოლიტიკურად მოტივირებული ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება. გარდა ამისა, მურუსიძე ამბობს, რომ მზად არის საქართველოს პარლამენტის უკლებლივ ყველა ფრაქციას შეხვდეს და მათთან დისკუსია პირადად გამართოს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „უკვე მერამდენე წელია ჩემს მიმართ ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული და მძლავრად ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანია, რომელმაც კულმინაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ჩემი უვადოდ განწესების დღეებში მიაღწია. ამ დროის განმავლობაში ჩემი დისკრედიტაცია ხორციელდებოდა საბჭოთა პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით და ფსიქოლოგიური ტერორის ყველა ხერხის გამოყენებით. ჩემს მიმართ პირდაპირ და უაპელაციოდ გამოცხადდა ვერდიქტი და არც ერთ ეტაპზე არც კვალიფიციური ოპონირების საშუალება მომეცა, რათა საკადრისი პასუხი გამეცა ცილისმწამებლებისთვის და არც ფაქტების წარმოდგენაზე იზრუნა ვინმემ. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ჩემს წინააღმდეგ განსაკუთრებით აგრესიულად, მიზანმიმართულად და ცილისმწამებლურად გაილაშქრა იმ პოლიტიკურმა პარტიამ („ნაციონალურმა მოძრაობამ“), ვინც პასუხისმგებელია სპეციალურად გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და ასევე ზოგადად კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის პირობებშიც მომიწია ზემოაღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება და რომელმაც ფაქტიურად საკანონმდებლო მარწუხებში მოაქცია სასამართლო ხელისუფლება, ვინაიდან ამით ისინი შეეცადნენ საკუთარი პასუხისმგებლობის ჩემზე გადმოკისრებას. ფაქტია, რომ ჩემს წინააღმდეგ წარმოებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ შედეგი გამოიღო და ნეგატიურმა განწყობამ საზოგადოების ფართო ფენამდე მიაღწია. მე ამ უსამართლო დამღით ცხოვრების გაგრძელებას არ ვაპირებ. ამასთან, არაფრად მიღირს მოსამართლის მანტია, თუ ბრალდებას პასუხი არ გავეცი და წერტილი არ დავუსვი ამ ბინძურ კამპანიას. მე ასევე ზედმიწევნით კარგად მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობისა და რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკის პირობებში მოსამართლედ მუშაობა ნამდვილად არ იყო მარტივი. ესეც მოცემულობაა და არც ამ სიმართლისთვის თვალის გასწორება მიჭირს. ამასთან, საბჭოს მდივნად არჩევის შემდეგ, გამაჩნდა რა მოსამართლეთა კონფერენციის უმრავლესობის ნდობის მანდატი, ღიად მოვუწოდე მოსამართლეთა კორპუსს გამოგვეყენებინა შანსი და გვეზრუნა სასამართლოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისათვის. სწორედ ეს გახდა ჩემზე განხორციელებული საინფორმაციო შტურმის მიზეზი. არადა, სწორედ ჩემმა და ჩემი თანამოაზრეების პრინციპულმა პოზიციამ განაპირობა ის რეალური პროგრესი, რომელსაც სასამართლო სისტემამ მიაღწია ამ წლებში და რომელზეც არა მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, არამედ არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა თუ ინდექსი მეტყველებს. მარტო ის რად ღირს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის თვალსაზრისით ევროპის 20 მოწინავე ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით-პირველზე. ესეც მოცემულობაა და ოპონენტებს ამ მოცემულობისთვისაც მოუწევთ თვალის გასწორება. საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამოდენიმე დღის წინ საჯაროდ მივმართე არასამთავრობო გაერთიანებებს, მოეხდინათ ჩემი პერსონალური ბრალეულობის ფორმულირება გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და თუ ეს ბრალდება დადასტურდებოდა, განვიხილავდი ჩემი გადადგომის საკითხს. თუმცა ამაოდ. ისინი ჯიუტად დუმან. დუმან იმიტომ, რომ არანაირი ფაქტი ამ საქმეზე ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს. მათი დუმილის მიუხედავად, მე გაჩერებას აღარ ვაპირებ და ოფიციალურად ვაცხადებ: 1. მსურს საგნობრივი დისკუსია გავმართო არასამთავრობო სექტორთან, დარგობრივ ექსპერტებთან და სწავლულ იურისტებთან. იმედია, ამ შეხვედრის ორგანიზება მესამე სექტორს არ გაუჭირდება. 2. ცალკე ფორმატით, ერთხელ ან რამდენჯერმე მსურს შევხვდე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს და ვუპასუხო მათ ნებისმიერ კითხვას. 3. სურვილი მაქვს, აგრეთვე, შევხვდე საქართველოს პარლამენტის უკლებლივ ყველა ფრაქციას და პირადად გავმართო მასთან დისკუსია. იმედს გამოვთქვამ, უახლოეს პერიოდში მოხერხდება ამ შეხვედრების და დისკუსიების ორგანიზება და საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა რეალურ ფაქტებსა და რაციონალურ არგუმენტებზე დაყრდნობით გამოიტანოს დასკვნები, ანუ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და არ დარჩეს სხვის მიერ უხეშად მოდელირებული რეალობისა და ხელოვნურად შექმნილი განწყობების ამარა“,- აღნიშნულია ლევან მურუსიძის განცხადებაში.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)