04:57 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-19 20:35:30, 1304 ნახვა

საზოგადოება
ევროკომისია: წლის I ნახევარში, საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადთა რაოდენობა გაორმაგდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეების განაცხადთა რაოდენობა გაორმაგდა, - ამის შესახებ ევროკომისიის მეორე ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ მოთხოვნების შესრულებას ეხება.

ევროკომისიის ცნობით, 2018 წლის პირველ ნახევარში მიღებული იყო 9,680 თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი, ხოლო 2017 წლის იმავე პერიოდში - 4,770.

ამასთან, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს თანამშრომლობა რეადმისიასა და დაბრუნებასთან დაკავშირებით კარგად მიმდინარეობს და უნდა გაგრძელდეს.

„არალეგალური მიგრაციის გამოწვევებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ შესვლაზე უარის თქმის 2017 წლის მაჩვენებლები 2016 - თან შედარებით 200% -ით გაიზარდა (810-დან 2,655-მდე), ხოლო უკანონოდ დარჩენის მაჩვენებლების ზრდა უმნიშვნელო იყო - 2016 (5,240), 2017 (5,860). ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის პირველ ნახევარსა და 2018 წლის პირველ ნახევარში ტენდენციები მიუთითებს შესვლაზე უარის მნიშვნელოვნად ზრდასა და უკანონო დარჩენის მნიშვნელოვნად ზრდას. 2018 წლის პირველ ნახევარში 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადთა რაოდენობა გაორმაგდა - 2018 წლის პირველ ნახევარში მიღებული იყო 9,680 თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი, ხოლო 2017 წლის იმავე პერიოდში - 4,770. ძირითადად ეს ზრდა გერმანიასა და საფრანგეთს შეეხო. თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 2016 წელს იყო 14,09% და 2017 წელს - 5,48%, რაც მნიშვნელოვან შემცირებას გვაჩვენებს. საქართველოს თანამშრომლობა რეადმისიასა და დაბრუნებასთან დაკავშირებით კარგად მიმდინარეობს და უნდა გაგრძელდეს. დაბრუნების მაჩვენებელი (2017 წელს 63%) გაიზარდა 2016 წელთან შედარებით (დაახლოებით 56%), და 2017 წელს ქმედითად დაბრუნებული იყო 4,560 საქართველოს მოქალაქე“, - ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადთა გაზრდის საკითხის მოსაგვარებლად და არალეგალური მიგრაციის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა.

„საქართველომ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში პირველ ანგარიშში განსაზღვრული ქმედებები განახორციელა და გააგრძელა თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული უსაფუძვლო განაცხადების პრობლემის გადაწყვეტა და არალეგალური მიგრაციით ყველაზე მეტად დაზარალებულ წევრ სახელმწიფოებთან ოპერატიული თანამშრომლობის გააქტიურება. საქართველომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადთა გაზრდის საკითხის მოსაგვარებლად და არალეგალური მიგრაციის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის 2018 წლის აპრილში შეიტანა ცვლილები სამოქალაქო აქტების შესახებ კანონში (რომელმაც გვარის შეცვლის პირობები შეზღუდა). საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განახორციელებაში პროგრესი აღინიშნა.

2018 წლის ოქტომბერში დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, უვიზო რეჟიმის პირობებში არსებულ უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირში თავშესაფრის მინიჭების პროცედურების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებაზე გამახვილდა. საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ორენოვანი გზამკვლევი ლეგალური მიგრაციის შესახებ და შეიმუშავა მობილური აპლიკაცია "შენგენი / ევროკავშირი", რათა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ შენგენ+ ზონაში გატარებული პერიოდის და დარჩენილი დღეების გათვლა, რათა თავიდან აიცილონ განსაზღვრულზე მეტი ხნით ამ ზონაში გაჩერება“, - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.

ცნობისთვის, ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში გამომდინარეობს კომისიის ვალდებულებიდან გაუწიოს მონიტორინგი მესამე ქვეყნების მიერ ვიზების ლიბერალიზაციით გათვალისწინებული მოთხოვნების უწყვეტ შესრულებას და ანგარიში მისი შედეგების შესახებ წარუდგინოს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს სულ მცირე წელიწადში ერთხელ. შეფასების პერიოდი 2017 წლის დეკემბერში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის2 ფარგლებში პირველი ანგარიშის მიღებიდან იწყება.

ანგარიშის სტატისტიკური ნაწილი ევროკავშირის 26 წევრ სახელმწიფოს ფარავს, რომელზეც (ევროკავშირის) 2018/1806 რეგულაცია ვრცელდება და შენგენის ოთხ ასოცირებულ ქვეყნას (შემდგომში "შენგენ+ ზონა")4. კონკრეტული სფეროების შეფასება ძირითადად ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც ევროსტატს მიაწოდა შენგენ+ ზონის ქვეყნებმა, ევროკავშირის უწყებებმა (ევროპის პოლიციის სამსახურმა, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში ფართომასშტაბიანი კომპიუტერული სისტემების ოპერატიული მართვის ევროპულმა სააგენტომ (eu-LISA), ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისმა (EASO), ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ (EBCGA) და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტომ); ასევე მოხდა ინფორმაციის გაცვლა ევროკომისიას, ევროკავშირის საგარეო სამსახურსა და უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნებს შორის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics