07:26 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 16:31:42, 920 ნახვა

საზოგადოება
სადამკვირვებლო მისია - არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა, თუმცა არაერთხელ შეინიშნა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული.

როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად წარემართათ საარჩევნო კამპანია, ამომრჩევლებმა კი საკუთარი არჩევანის გაკეთება შეძლეს, თუმცა მათივე თქმით, არაერთხელ შეინიშნა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და წინასაარჩევნო კამპანიაში სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი მაღალჩინოსანი საჯარო მოხელეების მონაწილეობის შემთხვევები.

„შემოწირულობებს შორის არსებული საგრძნობი სხვაობა და ხარჯვის მეტისმეტად დიდი მაჩვენებლები ხელს უწყობდა არათანაბარო საასპარეზო მოედნის ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი მოსაზრებების წარმოსაჩენად ყველა კანდიდატს დაუთმო თავისი პლატფორმა, კერძო მფლობელობაში არსებული მედია საშუალებების მკვეთრად პოლარიზებულმა ხასიათმა და მწვავე რიტორიკამ და ასევე მოვლენების ანალიტიკურად შეფასების ნაკლებობამ შეასუსტა ამომრჩევლების შესაძლებლობა, გაეკეთებინათ სრულად ინფორმირებული არჩევანი. საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებმაც გაზარდა მართველი პარტიის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე და არასაკმარისმა გამჭვირვალობამ არაპარტიული წევრების შერჩევის პროცესში გააძლიერა მიკერძოებულობის აღქმა. კენჭისყრის დღემ საერთო ჯამში პროფესიონალურად მაღალ დონეზე, მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ ჩაიარა, ხმების დათვლის დროს შემჩნეული ზოგიერთი პროცედურული ხარვეზის, პოლიტიკური პარტიების სახელით მოქმედი ბევრი ადგილობრივი დამკვირვებლისა და მედია საშუალებისა და ასევე საარჩევნო უბნებს გარეთ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების მხრიდან ამომრჩეველზე პოტენციური ზემოქმედების მოხდენის მცდელობის მიუხედავად, საკანონმდებლო ჩარჩო ყოვლისმომცველია და სათანადო საფუძველს ქმნის არჩევნების დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩასატარებლად. საარჩევნო კოდექსში 2017 და 2018 წლებში შეტანილი ცვლილებების შედეგად რამდენიმე საკითხის ტექნიკური მხარის გაუმჯობესება მოხდა, კვლავ რჩება გარკვეული უზუსტობები. აგრეთვე, ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებისას არ იქნა გათვალისწინებული, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის და ევროსაბჭოს რეკომენდაციები, კოდექსში არსებული უზუსტობების აღმოსაფხვრელად, რაც წარმოადგენს დაკარგულ შესაძლებლობას“, - ნათქვამია ანგარიშში.

დამკვირვებლების თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დომინირებდა სადავო თემები, რომელიც იწვევდა საზოგადოებრივი აზრის პოლარიზებას, ნეგატიური კამპანიას, მწვავე რიტორიკას და მძიმე ურთიერთბრალდებებს სახელისუფლებო და ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას შორის.

„არჩევნებში მონაწილე სუბიექტთა ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია და მათ მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად წარემართათ საარჩევნო კამპანია. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია (ODIHR EOM) დააკვირდა წინასაარჩევნო ღონისძიებების ხელის შეშლის, აგრეთვე პარტიის ოფისებისა და წინასაარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალების დაზიანების მრავალ შემთხვევას. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დომინირებდა სადავო თემები, რომელიც იწვევდა საზოგადოებრივი აზრის პოლარიზებას, ნეგატიური კამპანიას, მწვავე რიტორიკას და მძიმე ურთიერთბრალდებებს სახელისუფლებო და ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას შორის. შეშფოთება გამოითქვა ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვების არსებული პრაქტიკისა და აღნიშნული პრაქტიკით გამოწვეული ზეწოლის გამო. სადამკვირვებლო მისიის დაკვირვების არეალში მოექცა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები. ამას გარდა, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი მაღალჩინოსანი საჯარო მოხელეების მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში ყოველთვის არ შეესაბამებოდა არსებული კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც ბუნდოვანს ხდიდა ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის“, - ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსების საკითხს, დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ამ კუთხით, კანონმდებლობაში შეტანილი ბოლოდროინდელი ვცლილებები არ ითვალისწინებს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების ოფისის და ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ დიდი ხნის შემუშავებულ რეკომენდაციებს, რაც არათანაბარ საასპარეზო გარემოს უწყობს ხელს.

„პარტიებისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ მარეგულირებელი კანონი არ წარმოადგენს ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოს. კანონმდებლობაში შეტანილი ბოლოდროინდელი ვცლილებები არ ითვალისწინებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ დიდი ხნის შემუშავებულ რეკომენდაციებს. კანონი ითვალისწინებს ყველა კანდიდატისთვის კერძო დაფინანსების წყაროს შესაძლებლობას და აგრეთვე სახელმწიფო დაფინანსებას იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც პარტიის მიერ არიან ნომინირებულნი. სესხის აღებისა და კამპანიის დანახარჯების შესახებ ანგარიშის წარდგენის რეგულაციის ნაკლებობა, პოტენციურად ხელს უწყობს არათანაბარ საასპარეზო გარემოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არჩევნების დღემდე დროულად დაამოწმა და გამოაქვეყნა ანგარიშები. თუმცა, დარღვევის რეაგირებაზე განსაზღვრული ვადების არარსებობა და ინსტიტუტიის არასაკმარისი რესურსები, იწვევს შეშფოთებას კამპანიის ფინანსების ეფექტური ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ დამკვირვებლები.

ამასთან, მათი შეფასებით, დებატების დროს მნიშვნელოვანი საკითხების არასაკმარისმა განხილვამ წინასაარჩევნო კამპანიის ზედაპირულმა გაშუქებამ და მკვეთრად პოლარიზებული მედიის მიერ მომზადებული ანალიტიკური ანგარშების ნაკლებობამ ამომრჩეველს სრულყოფილად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა შეუზღუდა.

„მაშინ, როცა კანონით უფასო საეთერო დრო მხოლოდ პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატებისთვის არის გათვალისწინებული, ორივე საზოგადოებრივმა ეროვნულმა მაუწყებელმა გადაწყვიტა ყველა კანდიდატისთვის ერთი და იმავე ოდენობის უფასო საეთერო დრო დაეთმო და გამართა მრავალი დებატი, სადაც მათ თავისი მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა მიეცათ. მედიის მარეგულირებელი ორგანო წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ჩართვისას ყოველთვის არ ავლენდა გამჭვირვალე და მიუკერძოებელ მიდგომებს.. მედია მონიტორინგის შედეგებმა გამოავლინა, რომ ბევრი კერძო მედია საშუალება წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას მკვეთრად მიკერძოებული იყო“, - ნათქვამია ანგარიშში.

დამკვირვებლები ასევე საჩივრების გადაწყვეტის სისტემაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მის მიმართ მხარეები უნდობლობას გამოთქვამდნენ.

„საჩივრებსა და სარჩელებს საარჩევნო ადმინისტრაცია და სასამართლოები ღია და გამჭვირვალე სხდომებზე კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით განიხილავდნენ. საარჩევნო დავების გადაწყვეტის კომპლექსური სისტემა, საჩივრების აღძვრისა და ზოგიერთი გადაწყვეტილების გასაჩივრების შეზღუდული უფლება და ასევე გადაწყვეტილებების გამოტანისას არასაკმარისი სამართლებრივი არგუმენტაცია ზღუდავდა დავების ეფექტურად გადაწყვეტის პროცესს, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან (ODIHR EOM) საუბრისას მხარეები საჩივრების გადაწყვეტის სისტემის მიმართ უნდობლობას გამოთქვამდნენ.

დამკვირვებელთა აკრედიტაციის პროცესი ინკლუზიურად და პროფესიონალური სტანდარტების დაცვით ჩატარდა. წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ინტენსიური ვერბალური შეტევის ობიექტი გახდნენ მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირებისა და მაღალჩინოსანი საჯარო მოხელეების მხრიდან. თუმცა, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მუშაობამ ხელი შეუწყო პროცესის გამჭვირვალობის შენარჩუნებას.

კენჭისყრის დღემ საერთო ჯამში პროფესიონალურად მაღალ დონეზე, მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ ჩაიარა. თუმცაღა, ხშირ შემთხვევაში, ამომრჩეველთა სიებით შეიარაღებული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, რომლებიც საარჩევნო უბნებს გარეთ აღნიშნავდნენ, თუ ვინ მოვიდა ხმის მისაცემად, შეშფოთების საფუძველს ქმნის, რადგან დასჯის შიშის ზეწოლის ქვეშ მყოფ ამომრჩევლებს ეზღუდებათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ხმის მიცემის პროცესი დადებითად შეფასდა, თუმცა, ადგილობრივი დამკვირვებლებისა და პოლიტიკური პარტიების სახელით მოქმედი მედია საშუალებები აქტივობამ, მთელ პროცესზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. ხმების დათვლის პროცესი ნაკლებად პოზიტიურად შეფასდა, პროცესის მიმდინარეობისას შემჩნეული პროცედურული ხარვეზების, პროცესის ხელშეშლის მცდელობისა და დაძაბულობის გამწვავების შემთხვევების გამო“, - ნათქვამია საერთაშორისო დამკვირვებლები ერთობლივ ანგარიშში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics