02:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 15:24:38, 2396 ნახვა

მსოფლიო
იუნკერი: ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა დაახლოებით 58 მილიარდი ევრო დაუჯდება - არ აიღოთ ბრიტანეთის მაგალითი

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა დაახლოებით (50 მილიარდი სტერლიინგი) 58 მილიარდი ევრო დაუჯდება, - ამის შესახებ Sky News იუწყება. 

„ჩვენ უნდა ზუსტად გამოვითვალოთ თუ რა ვალდებულებები ჰქონდა დიდ ბრიტანეთს აღებული და უკვე ამის შემდეგ ბრიტანეთმა ანგარიში უნდა დაფაროს“, - განმარტა იუნკერმა. 

როგორც იუნკერმა აღნიშნა, გადასახდელი თანხა იმ პროექტების ღირებულებას შეიცავს, რომლის დაფინანსების პირობა დიდმა ბრიტანეთმა დადო, ასევე ევროკავშირის იმ თანამდებობის პირების პენსიების უზრუნველყოფას, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში ევროკავშირის წევრობის დროს მუშაობდნენ. 

მისივე თქმით, ანგარიში ბრიტანეთის მთავრობისა და პარლამენტის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ასახავს. 

„არ იქნება სანქციები, დასჯა, არაფერი ამდაგვარი, თუმცა ბრიტანეთმა უნდა იცოდეს, და მგონია, რომ იცის, მათ პატივი უნდა სცენ აღებულ ვალდებულებებს", - განაცხადა იუნკერმა. 

იუნკერის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა "მარცხი და ტრაგედიაა". 

„ჩვენ მოლაპარაკებებს მეგობრულ და სამართლიან გარემოში წარვმართავთ. არ მაქვს ცუდი დამოკიდებულება ბრიტანეთის მიმართ, პირიქით მინდა ათწლეულების განმავლობაში მასთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მქონდეს.“, - აღნიშნა იუნკერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს მიმართა და დასძინა, რომ მათ დიდი ბრიტანეთის მაგალითი არ უნდა აიღონ.

"არ მინდა, რომ სხვებმა ბრიტანეთის მაგალითი აიღონ. ეს იქნება ევროკავშირის დასასრული. წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ რამდენიმე წევრმა კავშირი დატოვოს - ეს ხომ იდეის და კავშირის დასასრული იქნება", - მიმართა იუნკერმა წევრ ქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა დაუჭირა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა. 

ცნობისთვის, 29 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი "ბრექსითის" დაწყებას გამოაცხადებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics