04:15 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 13:22:00, 1210 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებას აგრძელებს

იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღებისას, უკლებლივ ყველა მოქალაქეს, ამ დოკუმენტებთან ერთად, გადაეცემა ევროკავშირში უვიზო  მიმოსვლის წესების შესახებ მომზადებული სპეციალური ბროშურები.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისათვის აქტიური საინფორმაციო კამპანია იუსტიციის სამინისტრომ ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან დაიწყო. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის გივი აზაურაშვილის განცხადებით, უკვე გაცემულია 265 000-მდე ბროშურა, რომელშიც უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაციებია განმარტებული, რაც საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნულ თემაზე საჭირო ინფორმაციის მიღებას გაუმარტივებს.  ამასთან, მისივე თქმით,  მოქალაქეები საინფორმაციო ბროშურებს უკვე არა მხოლოდ პასპორტთან, არამედ ახალ პირადობის მოწმობასთან ერთადაც მიიღებენ:

„იუსტიციის სახლი უკვე დაახლოებით 1 წელია, რაც ახორციელებს საქართველოსთვის  ამ მეტად მნიშვნელოვანი პროცესის, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია, საინფორმაციო მხარდაჭერას.  ჩვენს 19-სავე ფილიალში ხორციელდება საინფორმაციო  ბროშურების დარიგება. უკვე დაახლოებით, 265 000-მდე მოქალაქემ მიიღო ბროშურა.  ბროშურებს მოქალაქეებს გადავცემთ ბიომეტრიული პასპორტის გატანისას. ასევე,  საზოგადოებრივ ცენტრებში ხორციელდება საინფორმაციო ბუკლეტების გადაცემა  და ამ ბუკლეტებში არის ის ინფორმაცია, რაც საჭიროა საქართველოს მოქალაქისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაუროდ. ეს ბროშურები რიგდება, ასევე,  პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტის  გაცემისას და ამ საინფორმაციო კამპანიას კიდევ უფრო აქტიურად ვაწარმოებთ ჩვენ“,-განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი  მდივანის გიორგი ჯაშის განმარტებით, ბროშურაში მოთავსებულია ის ძირითადი ინფორმაცია, რაც  საქართველოს მოქალაქემ აუცილებლად  უნდა იცოდეს ევროკავშირის შენგენის ზონაში მოგზაურობის წინ:

„აუცილებელია, რომ ეს ინფორმაცია მან მიიღოს გამგზავრებამდე და სწორად გაითავისოს ის პირობები, რა პირობებსაც აყენებს ევროკავშირი უვიზო  მგზავრობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ამისათვის აუცილებელია, ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს ბიომეტრიული პასპორტი;  თუ მას ბიომეტრიული პასპორტი არ გააჩნია,  შეუძლია მგზავრობა არაბიომეტრიული პასპორტით, მაგრამ არაბიომეტრიული პასპორტი უნდა იყოს აუცილებლად ვადიანი, მასში უნდა იყოს ვიზა იმ ქვეყნისა, რომელ ქვეყანაშიც ეს პიროვნება  მიემგზავრება. გარდა ამისა, ევროკავშირის  შენგენის ტერიტორიაზე შესვლის პერიოდში,  მესაზღვრემ შესაძლოა, სთხოვოს რამოდენიმე დოკუმენტი, რითაც იგი დარწმუნდება, რომ ეს ადამიანი აპირებს, კეთილსინდისიერად გამოიყენოს 90 დღე 180 დღის განმავლობაში. ამ დოკუმენტებს შორისაა: სამოგზაურო დაზღვევა; ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი ბარათები;  მაგალითად, მოქმედი საბანკო ბარათი, ან ქეშით თანხა, მოწვევა იმ პირისგან, ვისთანაც ის მიემგზავრება, ან სასტუმროს მოქმედი ჯავშანი. თუ რაიმე დამატებით კითხვები ექნებათ მოქალაქეებს, ამისათვის არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი, ვებგვერდი და მიიღონ ეს ინფორმაცია აუცილებლად“,-განაცხადა გიორგი ჯაშმა.

ბროშურაში, ასევე, დეტალურადაა გაწერილი ჩამონათვალი ქვეყნებისა, სადაც უვიზოდ მოგზაურობაა შესაძლებელი; ვიზიტის ხანგრძლივობა და მიზანი; საჭირო დოკუმენტების ნუსხა. საინფორმაციო კამპანიის მიზანია, სამგზავრო დოკუმენტის (პასპორტის) მიღების დროს, საქართველოს მოქალაქეების დროული ინფორმირება ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის აუცილებელი წესების შესახებ. ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში შეძლებენ. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი და შვედეთი.

საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება შეეძლებათ, აგრეთვე, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანასა (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია) და შენგენის კანდიდატ ქვეყნებში  (ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია).

საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ იმოგზაურებენ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში.

ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელია მხოლოდ მოკლევადიანი  ვიზიტით, 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 3 თვის ვადით. მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შეიძლება იყოს ტურიზმი, ოჯახის წევრების, ნათესავების ან/და ახლობლების მონახულება; საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა და სხვ.

შენგენის ზონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ გაემგზავრებიან უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი შეიძლება დაინტერესდეს, თუ რა არის ვიზიტორის მგზავრობის კონკრეტული მიზანი. მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს შემდეგი საბუთები: საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები).

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია. თუ პირი აღნიშნულ ვადას დაარღვევს, მას გააძევებენ ამ ქვეყნიდან და  ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას 5 წლამდე ვადით აუკრძალავენ. ალტერნატივის სახით, საქართველოს მოქალაქეს შესაძლოა, დააკისრონ  3,000 ევრომდე ოდენობით ჯარიმის გადახდა.

 

ფოტო რეპორტაჟი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics