20:15 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-31 19:12:40, 540 ნახვა

„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ჯამში 300 000 ლარი გადაუხადა ბიუჯეტიდან კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ გამარჯვებულებს, დაჯილდოების ცერემონია კი უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა. - ამის შესახებ იუწყება გაზეთი "ბათუმელები"

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიის – „გამომყევი აჭარაში“ გამარჯვებულები ბათუმში 30 ოქტომბერს გამოავლინეს.

პირველი ადგილი გუგა გიორგობიანმა აიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, მის მიერ აჭარაში მოგზაურობისას გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ 162 812 845 შეადგინა.

მეორე ადგილზე ბათუმელი ხვიჩა ასამბაძე გავიდა, რომლის მიერ გამოქვეყნებულმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 104 637 525 წვდომა დააგროვა.

მესამე ადგილი ნიკა გელაშვილმა ( 92 405 981 წვდომა), ხოლო მეოთხე ადგილი ჯაბა გოგიტიძემ (66 594 579 წვდომა) დაიკავეს.

საპრიზო თანხა ასე გადანაწილდა [გადასახადების ჩათვლით]:

  • 1 ადგილი – 150 000 ლარი. 
  • 2 ადგილი – 70 000 ლარი;
  • 3 ადგილი – 50 000 ლარი;
  • 4 ადგილი – 30 000 ლარი. 

რაც შეეხება სხვა ფულად პრიზებს, დეპარტამენტში განმარტეს, რომ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები კერძო კომპანიებმა დააჯილდოვეს.

ჯამში, კამპანიისთვის ბიუჯეტიდან 440 789 ლარი დაიხარჯა. ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ინდმეწარმე ნანა გორგილაძესთან გააფორმა. 

კამპანიის – „გამომყევი აჭარაში“ დაჯილდოების ცერემონია ბათუმში 30 ოქტომბერს რესტორან „G17“-ში გაიმართა, რომელიც უკანონოდ მუშაობს. რესტორანი ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილს ეკუთვნის.

კამპანიის პრეზენტაციის და დაჯილდოების ღონისძიების ორგანიზებისთვის, ხელშეკრულების თანახმად, 48 ათასი ლარი დაიხარჯა.

რესტორანმა „G17“-მა წელს ჯერ კიდევ 2024 წელს ვადაგასული საიჯარო ხელშეკრულებით გააგრძელა მუშაობა, მაშინ, როცა იმავე მიზეზით ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ბულვარში ათობით კომერციული ობიექტი დაანგრია. სწორედ ამ რესტორანში გაიმართა წელს, ზაფხულში, ედნარ პაპუნაიშვილის შვილის ქორწილი. ბიზნესმენის შვილის მეჯვარე ბერა ივანიშვილი იყო. 

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება და დეპარტამენტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს პროექტი დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს, თამარ ლომიძეს უკავშირდება, რომელიც 2024 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს საჯაროდ გამოხატული პროევროპული პოზიციისთვის.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics