2015-04-04 12:55:02, 419 ნახვა
საზოგადოება
დავით ბაქრაძემ და ელგუჯა ხოკრიშვილმა „მშვიდობის ბაღი“ გახსნეს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ვაკის პარკში, ბრიტანული კუთხის ტერიტორიაზე „მშვიდობის ბაღი“ გახსნეს.
დავით ბაქრაძემ და ელგუჯა ხოკრიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებთან ერთად „მშვიდობის ბაღში“ ხეები დარგეს.
გამწვანების აქცია პრემიერ-მინისტრის ინიციატივის „მწვანე მომავლის“ ფარგლებში მოეწყო.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ბაქრაძემ აღნიშნა, „მწვანე მომავლის“ ფარგლებში საფუძველი ჩაუყარეს ხეივანს იმ ბავშვებთან ერთად, რომლის მშობლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს იბრძოდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს, რომელიც არის ნატო-ს ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ხელმოწერის დღე, ნატოს როგორც ორგანიზაციის დაფუძნების დღე, ჩვენ ავღნიშნავთ პარალელურად ნატოს წევრი სახელმწიფოების მხარდამხარ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მონაწილეობს ნატო-ს არაერთ ოპერაციაში ალიანსის წევრებთან ერთად. ჩვენ ამ ღონისძიებას მათთან ერთად ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ავღნიშნავთ. ეს არის ერთობლივი ღონიძიება, რომელიც მხარდაჭერილი იყო როგორც საელჩოების, ასევე სხვადასხვა სამინისტროების მხრიდან. თავდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან. თქვენ ხედავთ დავრგეთ ხეები, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით „მწვანე მომავლის“ ფარგლებში. ჩვენ მშვიდობის ხეივანს ჩავუყარეთ საფუძევლი იმ ბავშვებთან ერთად, რომელთა ოჯახის წევრები, მშობლები ერთის მხრივ ნატო-ს საერთაშორისო ოპერაციებში, მეორეს მხრივ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჩვენი გმირები არიან“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამასთან, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მშვიდობის ბაღის“ გაშენება და გახსნა სიმბოლურად მოხდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში და ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული და დაჭრილი გმირების ოჯახის წევრეთან ერთად.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაბადების დღე. სიმბოლურად დღევანდელ დღეს ბრიტანულ კუთხეში გაშენდა მშვიდობის ბაღი, ეს გახლავთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს წარმოდგენილნი იყვნენ საქარეთველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე 2008 წლის საქართველო-რუსეთის კონფლიქტში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაღუპული ჩვენი გმირების ოჯახის წევრები. მათთან ერთად სიმბოლურად მოხდა „მშვიდობის ბაღის“ გაშენება და გახსნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თვითონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზანი სწორედ ეს არის, რომ მსოფლიოში უსაფრთხოება და მშვიდობა დამკვიდრდე“,-დასძინა ხოკრიშვილმა.
მოგვიანებით, „მშვიდობის ბაღში“, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული ვიდეო-მიმართვების კონკურსის „რატომ NATO-ს?“ გამარჯვებულების ცერემონია გაიმართა, სამი საუკეთესო ვიდეო-მიმართვის ავტორს საჩუქრად რუმინეთის საელჩოს მიერ დაწესებული პლანშეტური კომპიუტერი გადაეცა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და საერთაშორის სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის კი, საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ და ბრიტანულმა კუთხემ ერთობლივი საჩუქარი დააწესეს- ახალგაზრდებს რამდენიმე თვის განმავლობაში ინგლისური ენის უფასო კურსები ჩაუტარდებათ.
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდამჭერი პროექტები მომავალშიც განხორციელდება.
ღონისძიება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის დაარსების დღის აღსანიშნავად ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან