|
2017-02-01 11:43:35, 1141 ნახვა
საზოგადოება
ოლბრაიტი: არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინი „კა-გე-ბეს“ ყოფილი აგენტია
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის განცხადებით, დიპლომატებს ვაშინგტონში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი „კა-გე-ბეს“ ყოფილი აგენტია, - ამის შესახებ ოლბრაიტმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ოლბრაიტმა აღნიშნა, აშშ-ს მხრიდან ძალის დემონსტრირება მოსკოვისადმი სწორი მიდგომაა. „უნდა გვესმოდეს ისტორია. რუსეთი იყო იმპერია, შემდეგ საბჭოთა კავშირი, რომელსაც უზარმაზარი ძალა ქონდა. საბჭოთა კავშირი ჩვენი მთავარი მტერი იყო. მოხდა ჩვენთვის უპრეცედენტო რამ - მთავარი მეტოქის ძალაუფლება ჩამოიქცა ომის გარეშე და ამის შემდეგ ჩვენ ვცდილობდით გაგვერკვია, როგორ გვემუშავა რუსეთთან. მართალია ვერ შეთანხმდებით ყველაფერზე, მაგრამ საჭიროა გაარკვიო რაზე თანხმდები და რაზე არა. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, ელცინს შევხვდი. მან მკითხა, თუ რატომ ფართოვდებოდა ნატო. მე ვუთხარი, რომ ეს მათ წინააღმდეგ არ იყო მიმართული და რაღაც ეტაპზე, თუ მათ სურვილი ექნებოდათ, თვითონაც გამხდარიყვნენ ნატო-ს ნაწილი. ჩვენ მზად ვიყავით, ისინი მიგვეღო“, - განაცხადა ოლბრაიტმა. ოლბრაიტის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები არ უნდა გააუქმოს იმ პირობებში, როდესაც მოსკოვი მინსკის შეთანხმებას არ ასრულებს. „პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთში იდენტობის კრიზისის დროს. ის ცდილობს, რუსეთს მსოფლიო ძალის სტატუსი დაუბრუნოს და ეს მის პოპულარობას ეხმარება. ის იყენებს ასიმეტრიული ბრძოლის ხერხებს, კიბერ და საინფორმაციო ომის ტაქტიკას. ის ერთიან ევროპას საშიშროებად მიიჩნევს და გავლენის სფეროების შენარჩუნებას ცდილობს. პუტინი იარაღად იყენებს დევნილებს, რაც ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს ევროპაში. საჭიროა მკაფიოდ ითქვას, რომ არ ვაპირებთ სანქციების გაუქმებას, ვინაიდან, რუსები არ ასრულებენ ამისთვის საჭირო პირობებს. პუტინის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში შეჭრა არალეგალურია. პუტინი აფასებს ძალას და ვფიქრობ, საჭიროა ძალის გამოჩენა. ამ შემთხვევაში, აუცილებელი არ არის რუსებს მოსწონდე“, - აღნიშნა მან. მისივე განმარტებით, ამერიკა რუსეთთან ურთიერთობებში ფრთხილად უნდა იყოს და არ უნდა იმოქმედოს იმ პრინციპით, რომ შესაძლოა, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი სიმპათია ჩამოყალიბდეს. „ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას სანქციების გაუქმება სურს. ასევე არიან ევროპელები, რომელთაც ამ მიმართულებით უნდათ წასვლა. პუტინი და მისი ხალხი ქმნიან დევნილებისგან პრობლემას. ეს მათი პროპაგანდის ნაწილია და ისინი უფრო კარგად აწარმოებენ პროპაგანდას, ვიდრე ჩვენ. ისინი სხვა სივრცეში არიან და ჩვენ სხვაში. ბევრმა სხვა პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა მასთან ურთიერთობაში, მაგალითად ბუშმა. ჩვენ უნდა ვიფრთხილოთ და არ უნდა წაგვიღოს ფიქრმა ორმხრივი მოწონების შესაძლებლობაზე”, - აღნიშნა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.
საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე
ენმ: ვიცით ის პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის წამებაში
კუპრაძე - ახალი კონტრაქტით, ოცნება აპირებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და გეგმას გადახედოს
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)