04:03 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 14:40:12, 628 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: "ნაციონალურ მოძრაობას“ გადაჯგუფება და ვიწრო ჯგუფის მიერ თავსმოხვეული კარჩაკეტილობის გადალახვა სჭირდება

 „მე ვარ ყველაზე დიდი მომხრე შიდაპარტიული დემოკრატიის“,-ამის შესახებ  ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

სააკაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" საწყის პოზიციებს უნდა დაუბრუნდეს. 

„ჩემი წინადადებაა, დებატები არ შემოიფარგლოს მხოლოდ პოლიტსაბჭოს დახურულ კარს მიღმა შეხვედრებით. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ რატომ აღმოვჩნდით მოუმზადებელი, წინ აღვდგომოდით არჩევნების მასობრივ გაყალბებას, რატომ ვერ შევძელით ჩვენი პოზიციების უკეთ დაცვა ბოლო 4 წლის იდეოლოგიურ დებატებში და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახლა მაინც არ შევყვეთ ივანიშვილს მის მზაკვრულ თამაშში. კონკრეტულმა ლიდერებმა უნდა ისწავლონ შეცდომებზე თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება, ნაცვლად სხვა ადამიანების პირით ჩემკენ ხელის გამოშვერისა. მათ უნდა ისწავლონ, როგორ იყვნენ ნაკლებად ხისტი და მეტად თავმდაბალი, როგორ მოუსმინონ პარტიის წევრებს და, ზოგადად, ხალხს.

მათ უნდა მოუსმინონ გულშემატკივართა კრიტიკას, ნაცვლად ადამიანების მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულების გამოვლენისა“,-აღნიშნავს სააკაშვილი.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი თანაპარტიელებს  მიმართავს.

„გთავაზობთ ნაციონალური მოძრაობის ყრილობის მოწვევას რამდენიმე ათასი არჩეული დელეგატით, ჩვენი გმირული აქტივის მაქსიმალურად ფართო წარმომადგენლობით. გთავაზობთ ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას, იმ ხალხისგან ვინც არ იყო თუნდაც ბოლო საარჩევნო კამპანიების მცდარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი და რომლებიც შეძლებენ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს. ბუნებრივია, მეც მექნება ჩემი მოსაზრებები პარტიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება გადაჯგუფება, ვიწრო ჯგუფის მიერ თავსმოხვეული კარჩაკეტილობის გადალახვა, დამატებით ახალი, საინტერესო ადამიანების მოზიდვა და მათი ჩართვა ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნაციონალური მოძრაობა უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის პოზიციებს და ისევ იქცეს საერთო-სახალხო პოლიტიკურ ძალად და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის პირადი გამოყენების ინსტრუმენტად.

მაშინ აუცილებლად შევძლებთ ოლიგარქის დამარცხებას.

მე ყველანაირად დავეხმარები ჩვენი მომხრეებისა და აქტივისტების უზარმაზარ არმიას დიდი გამარჯვებებისათვის მომზადებაში“,-წერს სააკაშვილი.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics