06:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 17:48:20, 935 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს.

პრემიერის მიმართვის ტექსტს „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

”ჩემო მეგობრებო, საქართველოში დადგა არჩევნების დრო, მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა დემოკრატიული ქვეყნის ცხოვრებაში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებათა ერთობლიობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით განვითარდება საქართველო უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 8 ოქტომბერს აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და კეთილდღეობას. ყველამ ერთად ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა მომავალზე.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ ერთად ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. ვსწავლობდით თავისუფლებასა და დემოკრატიას, საფუძველი ჩავუყარეთ სახელმწიფოს, რომელიც ადამიანზე ზრუნავს და იცავს მას. ბევრი რამ შევძელით ერთად. განვლილი 4 წლის განმავლობაში შევქმენით განვითარებისთვის აუცილებელი თავისუფალი გარემო. მომზადდა პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი, რასაც უნდა დაეფუძნოს დიდი ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი გაჭირვებული ადამიანია, რომელთაც არ აქვთ სამუშაო და რომლებიც იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას. ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, სრულად შეიგრძნონ თავისუფლების სიკეთე. ქვეყნის ეკონომიკური აღმასვლა და სიღარიბის დაძლევა, არ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების და ოჯახების გამოწვევა. ეს მთელი ქვეყნის ამოცანას წარმოადგენს და მისი გადაწყვეტა თითოეული ჩვენგანის სოლიდარულ ძალისხმევას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, როდესაც ქვეყნის სწრაფი განვითარების აუცილებლობაზე ვსაუბრობ, ეს ჩემთვის ეკონომიკური პროგრამის ნაწილს, ან წინაარჩევნო დაპირებას კი არ წარმოადგენს, ეს ჩემი ცხოვრების უმთავრესი მიზანი და ოცნებაა და გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შემდეგი ოთხი წელი იყოს ჩვენს უახლეს ისტორიაში ყველაზე დინამიური განვითარების პერიოდი. ჩვენ ღმერთმა ბევრი სიმდიდრე გვიბოძა- მდებარეობა, ულამაზესი ბუნება, მთა, ზღვა, წყალი, წიაღისეული და რაც მთავარია, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ხალხი, რომელსაც აქვს ჭირში თმენისა და ქვეყნის აღორძინების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, დიდი კულტურა. ანუ, ყველა მონაცემი გვაქვს, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს, ოღონდ გვჭირდება ჩვენი შესაძლებლობების სწორად გამოყენება, საზოგადოების გაერთიანება და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევის მიმართვა ერთიანი და ძლიერი საქართველოს ასაშენებლად. 

მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა”, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics