2016-09-09 00:54:58, 627 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია: ეს ვიზიტი ნატოს ურყევი მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობით დასრულდა. ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩების დელეგაციას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ ხელმძღვანელობდა.
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ნატოს დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. სტუმრებს ასევე, დახვდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და JTEC-ის პროექტის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე.
შეხვედრა გენერალური მდივნის მოადგილემ გახსნა. ალექსანდერ ვერშბოუმ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ცენტრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
„ცენტრის ინაუგურაცია ერთი წლის წინ მოხდა და ის ნატოს გენერალურმა მდივანმა გახსნა. მოხარული ვარ, ავღნიშნო, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარმატებულ ფორმატს წარმოადგენს, ხოლო წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრი მისი ერთ-ერთი მიმართულებაა. როგორც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვიხილეთ, საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია. დღეს JTEC-ში ჩვენი ვიზიტი კი საშუალებას გვაძლევს საქართველოსთვის ორი წლის წინ მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი შევაფასოთ“.
თავდაცვის მინისტრმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში ნატოს ურყევი მხარდაჭერის ნათელ დადასტურებად შეაფასა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. „ეს ვიზიტი ნატოს ურყევი მხარდაჭერისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული მნიშვნელობის ნათელი დადასტურებაა. აღსანიშნავია, რომ ვიმყოფებით წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის უმთავრესი ინიციატივაა და ის ჩვენ შეიარაღებულ ძალებს წვრთნისა და შეფასების დინამიურ შესაძლებლობებს სთავაზობს. ეს არის სიმბოლო, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად. ამ დაწესებულების შესაქმნელად ნატოს წევრების, პარტნიორებისა და ჩვენი სამხედროების მიერ გაწეული უდიდესი სამუშაო ნამდვილად დასაფასებელია.
საქართველო მზადაა წინ წაიწიოს ნატოსკენ გაწევრიანების გზაზე, რომელიც შეუქცევადი პროცესი და ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანია. საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა მიაღწიოს თავდაცვის ტრანსფორმაციას, წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეროვნული თვითრეალიზაციისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმია.
ყველამ ვიცით, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას რეგიონი და საერთაშორისო თანამეგობრობა. მჯერა, რომ საქართველოს ინტეგრაცია ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში და ევროკავშირისა და ნატოს გაფართოება გააძლიერებს უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და დემოკრატიას საქართველოში, ნატოს წევრ ქვეყნებსა და მთელს ევროპაში“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
მისასალმებელ სიტყვაში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მექანიზმებსა და ერთობლივ სწავლებებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის შესახებ პრეზენტაციით დასრულდა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან