11:54 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-26 10:22:38, 291 ნახვა

სხვადასხვა
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს

7 ოქტომბრის ტერაქტში მონაწილე ჰამასის სპეციალური დანიშნულების დანაყოფ „ნუხბას“ 400-ზე მეტი ტერორისტისა და მძევლების უკანონო ტყვეობაში მონაწილე პირების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებსა და სპეციალურ იურიდიულ აპარატს სათავეში ქართველი ებრაელი, ყოფილი მთავარი სამხედრო პროკურორი, თადარიგის პოლკოვნიკი ჟანა მოძღვერაშვილი ჩაუდგება.

ჟანა მოძღვერაშვილმა ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო პროკურატურაში 22 წელი იმსახურა, სადაც 4 წლის განმავლობაში ისრაელის მთავარი სამხედრო პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

სამხედრო მოსამართლის მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, არმიიდან გადადგომისას (2013 წელს), იუსტიციის სამინისტროში შაბაკის (ISA) საგამოძიებო საჩივრების მთავარ გამომძიებლად მუშაობდა.

იერუსალიმში შექმნილი სპეციალური სასამართლო თავისი მასშტაბებით და ისტორიული მნიშვნელობით, 1961 წლის ნაცისტი დამნაშავის, ადოლფ აიხმანის პროცესს შეედარება.

საქმეში ფიგურირებს 400-ზე მეტი ბრალდებული ტერორისტი და 12,000-მდე დაზარალებული მოქალაქე. პროცესები 3 მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიებზე წარიმართება.

ქნესეთის მიერ მიღებული სპეციალური კანონით, ტერორისტების ქმედებები კვალიფიცირებულია როგორც დანაშაული ებრაელი ერის წინააღმდეგ, დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ომის დანაშაული. პროკურატურას ეძლევა უფლება, მოითხოვოს სიკვდილით დასჯა.

მსჯავრდებული ტერორისტები მომავალში პატიმართა გაცვლის არცერთ პოლიტიკურ თუ სამხედრო გარიგებაში არ გათავისუფლდებიან.

პროცესი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იქნება და სხდომები საერთაშორისო მაუწყებლობით გადაიცემა.

გამოძიებისა და მასალების მასშტაბიდან გამომდინარე, პირველი ოფიციალური ბრალდებები და სასამართლო განაჩენები სავარაუდოდ 2027 წელს გამოქვეყნდება.

იმის გამო, რომ საქმეში ასობით ბრალდებულია და უზარმაზარი მტკიცებულებების ბაზა არსებობს,სასამართლო სხდომებზე გამოყენებული იქნება უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და დისტანციური ჩართვები.

დაღუპულთა ოჯახებსა და დაზარალებულებს ექნებათ შესაძლებლობა, პროცესებს სპეციალური დამცავი ეკრანების მქონე დარბაზებიდან ან პირდაპირი ტრანსლაციით ადევნონ თვალი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics