11:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 11:31:53, 1147 ნახვა

სამართალი
საიამ ევროპულ სასამართლოში „არა პანორამას“ აქციის 7 მონაწილის სახელით წარმოებული საქმე მოიგო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „არა პანორამას“ აქციის 7 მონაწილის სახელით წარმოებული საქმე მოიგო.

სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 (შეკრების და გაერთიანების თავისუფლება) მუხლის დარღვევა და მომჩივნებს სამართლიანი დაკმაყოფილება მიანიჭა.

"საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2015 წლის 19 ივლისს, თბილისის საკრებულოს წინ, „თბილისი პანორამას“ პროექტის გაპროტესტების მიზნით აქცია გაიმართა. აქციის რამდენიმე მონაწილეს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით „პანორამა არა ყ**“, რის გამოც სამართალდამცავებმა აქციის 7 მონაწილე დააკავეს. დაკავებულებიდან მამრობითი სქესის წარმომადგენლები მოათავსეს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მათ დაახლოებით 20 საათი გაატარეს. მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს კი შსს-ს ეზოში პოლიციის მანქანაში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში შეეზღუდათ თავისუფლება. მომჩივნებს დაკავების საფუძველი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ განემარტათ. სამართალდარღვევათა ოქმების თანახმად, დაკავებულებს ხელში ეჭირათ პლაკატები უხამსი წარწერით, რომელსაც ისინი ხმამაღლა სკანდირებდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენს. ასევე, ოქმების მიხედვით, ორი დაკავებული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას. ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებით, 7 მომჩივანი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისთვის - პლაკატის ხელში ჭერის გამო, რომელზეც „უხამსი“ სიტყვა ეწერა. თითოეული მათგანი დაჯარიმდა 100 ლარით. სასამართლოს მიერ არ დადასტურდა მომჩივანთა მხრიდან სხვა ქმედებების ჩადენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა ემსახურება საჯარო მორალის და კონკრეტული პირის პატივისა და ღირსების დაცვას. თუმცა სასამართლომ არ მიუთითა კონკრეტული პირის ვინაობა. 

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოთ მოცემული ფაქტები ნამდვილად წარმოადგენდა კონვენციის მე-11 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევას. ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გამოიკვლეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პასუხი არ გასცეს კითხვას, თუ მომჩივნების მიერ პლაკატების ხელში ჭერა რა ხარისხით წარმოადგენდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და არ შეაფასეს, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების პროპორციულობა, მაშინ, როდესაც სასამართლოს წინაშე წარდგენილი ვიდეო ცხადად მიუთითებდა, რომ მომჩივნების ქმედებები იყო მშვიდობიანი და პასიური. მათ ხელში მხოლოდ ბანერები ეჭირათ, და არ ახორციელებდნენ რაიმე სახის აგრესიულ მოქმედებას.  ამასთან, ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ გამოყენებული სიტყვები მიმართული არ ყოფილა რომელიმე ინსტიტუციის ან პერსონისკენ, შესაბამისად, ის არ შეიძლება ჩაითვალოს შეურაცხმყოფელად. სასამართლოს შეფასებით, უწმაწური სიტყვა გამოყენებული იყო მომჩივნების მიერ, როგორც სტილისტური იარაღი, გამოეხატათ მათი მაღალი ხარისხის წინააღმდეგობა პანორამას პროექტის მიმართ, და, თუნდაც კონტრავერსიული ფორმა, რომელიც მომჩივნებმა აირჩიეს იმისთვის, რათა გამოეხატათ თავიანთი აზრი საჯარო ინტერესის საკითხზე არ არის საკმარისი იმისთვის, რათა შეიზღუდოს შეკრების თავისუფლება. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მსგავსი გამოხატვის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ ჯარიმის დაკისრებას აქვს მსუსხავი ეფექტი. ამრიგად, ყველა ზემოაღნიშნული მოსაზრების გათვალისწინებით და კერძოდ შიდა სასამართლოების უმოქმედობის, შეეფასებინა საქმესთან დაკავშირებით რიგი მნიშვნელოვანი ასპექტები, სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) შუქზე",- ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics