|
2020-04-10 18:15:43, 1855 ნახვა
სამართალი
EMC სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობას პოლიციელების მხრიდან მოვალეობების კანონიერად შესრულების უზრუნველყოფისაკენ მოუწოდებს
EMC (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ) ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შესაძლო შემთხვევებზე და მოუწოდებს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობას, უზრუნველყოს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოვალეობების კანონიერად შესრულება, რა დროსაც მაქსიმალურად იქნება დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების და მოქალაქეებზე ძალადობის შესაძლო ფაქტებზე. შემთხვევები ძირითადად უკავშირდება რეგიონებში პოლიციის ქმედებებს, კონკრეტულად კი მარნეულის რაიონში, ბათუმში, ჭიათურასა და ფოთში პოლიციის მიერ საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების აღსრულებას. აუცილებელია, რომ მსგავსი შემთხვევები არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების თითოეული შემთხვევა მოკლე დროში იყოს შესწავლილი სრულად და ობიექტურად. ამ მხრივ, დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე დაიწყო კონკრეტულ შემთხვევების გამოძიება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ინსპექტორმა პროაქტიულად მიაწოდოს გამოძიების მსვლელობის თაობაზე მოსახლეობას ინფორმაცია და საგამოძიებო უწყებასთან დაზარალებულ პირთა თანამშრომლობის მზაობის მიუხედავად, კანონმდებლობით მინიჭებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, დროულად გამოავლინოს დანაშაულში შესაძლო პასუხისმგებელი პირები. აგრეთვე, მოქალაქეების უფლებების უსაფუძვლოდ შეზღუდვის პრევენციისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არსებობდეს ნათელი ინსტრუქციები, თუ როგორ მოქმედებენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში პოლიციელები, რა საფუძვლებით შეუძლიათ მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვა და რა ვალდებულებები აქვთ მათ ამ დროს. მსგავსი შინაარსის ინსტრუქციები პოლიციის საქმიანობას მეტად განჭვრეტადს გახდის და უზრუნველყოფს მოქალაქეების ინფორმირებულობას. აღსანიშნავია, რომ EMC-მ ჯერ კიდევ 30 მარტს მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა ტიპის შიდა-ინსტრუქციები აქვთ სამართალდამცავებს საგანგებო მდგომარეობაში უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებული აქტორებისთვის დროული მიწოდება განსაკუთრებით მნიშნველოვანია საგანგებო მდგომარეობის არსებობის პირობებში, როდესაც მოქალაქეებთან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა ყოველდღიური კონტაქტი ინტენსიურ ხასიათს ატარებს. სამწუხაროა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას ამ დრომდე არ გაუკეთებია რაიმე კომენტარი მედიაში გავრცელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებთან დაკავშირებით, მეტიც, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქის მიმართ ჭიათურაში მომხდარი სავარაუდო ძალადობის ფაქტი შინაგან საქმეთა მინისტრმა წინასწარ უარყო[6] იმ პირობებში, როდესაც საქმეზე გამოძიება და საბოლოო დასკვნების გამოტანა სხვა საგამოძიებო უწყების კომპეტენციაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, EMC მოუწოდებს: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: პოლიციამ კრიზისულ ვითარებაში კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტებით; უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის პრაქტიკების აღკვეთა, აქტიურად გამოიყენოს შიდა-ინსპექტირების მექანიზმები სამართალდამცავთა დისციპლინური გადაცდომების გამოსავლენად და მათზე რეაგირებისთვის, ასევე მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გატარებული ღონისძიებებთან დაკავშირებით; უწყებამ გაასაჯაროოს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში სამართალდამცავ პირთა სამოქმედო შიდა ინსტრუქციები, ასეთის არსებობის პირობებში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს: დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს პოლიციის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ის შემთხვევები, რომლებიც სამსახურის საგამოძიებო კომპეტენციას ექვემდებარება; საგამოძიები ინტერესებისა და პერსონალური მონაცემების დაცვით, უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება კონკრეტულ საქმეებზე გატარებული ღონისძიებების და მათზე დამდგარი შედეგების თაობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)