23:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 14:54:51, 343 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება: აგვისტოს ომის 7 წლის თავზე საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია

„2008 წლის აგვისტოს ომის 7 წლის თავზე  საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია“, –ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომელიც უწყებამ 2008 წლის აგვისტოს ომის მე–7 წლისთავთან დაკავშრებით გაავრცელა. 
როგორც უწყებაში ამბობენ, აღნიშნული ფაქტი, უხეშად არღვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს. 
მათივე თქმით, მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზომების, მოსკოვი საქართველოს წინააღმდე მცოცავი ანექსიის პოლიტიკას აგრძელებს. 
„2015 წლის 7 აგვისტოს 7 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებისა და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების ოკუპაციიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის შვიდი წლის თავზე საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავაც ოკუპირებულია, რის შედეგად უხეშად ირღვევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, ხოლო ეთნიკური წმენდის ასობით ათასობით მსხვერპლს არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული კონსტრუქციული ზომების მიუხედავად, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით. ამის ნათელი მაგალითია მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ინტეგრაციის შესახებ ე. წ. „ხელშეკრულების“ გაფორმება, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელება და ე. წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, უპირველესად, თავისუფალი გადაადგილების უფლებას. საქართველო ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ ქართული მხარე მზადაა, რუსეთ–საქართველოს პოლიტიკური საკითხების მოგვარების მიზნით, ჟენევის მოლაპარაკებებში  მონაწილეობა მიიღოს. 
„ ქართული მხარე მზად არის განაგრძოს ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობა, რუსეთსა და საქართველოს შორის მდგარი პოლიტიკური საკითხების მოგვარების, უპირველეს ყოვლისა რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის, ასევე დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიზნით. შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპულ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველო გამოხატავს მადლიერებას და კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელოს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. უკანასკნელ წლებში, საქართველოს მთავრობამ გადადგა რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთთან კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით, რის შედეგადაც დაიწყო ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა. საქართველოს მთავრობა კვლავაც გააგრძელებს მოსკოვთან დე-ესკალაციის პოლიტიკის განხორციელებას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ბერკეტს არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საფუძველზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics