|
2015-07-20 18:06:33, 349 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობამ რუსეთის საოკუპაციო ქმედებებთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა
საპარლამენტო უმრავლესობამ რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მიმართ განხორცილებული მორიგი პროვოკაციული ქმედებების შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. პროექტი დაახლოებით 4 გვერდიანია. როგორც რეზოლუციის პოექტშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტის საერთო პოზიციაა, ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. არსებული შიდა და საგარეო დაპირისპირების მოსაგვარებლად კი, მშვიდობიანი გზით მოლაპარაკება. “ხელისუფლების ყველა შტოს მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის, ისევე როგორც სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორის ფუნქციის გაძლიერება. ვითარების სირთულის მიუხედავად, სწორედ ამ ამოცანების რეალიზაციის საჭიროება გვკარნახობს არსებული შიდა და საგარეო დაპირისპირებების მოსაგვარებლად მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოების აუცილებლობას, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიის განუხრელ რეალიზაციას. სუვერენიტეტის შენარჩუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ყველა მოქალაქისათვის ეკონომიკური, სოციალური თუ სამოქალაქო უფლებების დაცვის გარანტიების შექმნა, საქართველოსთან მიმართებაში ერთიანი საერთაშორისო პოლიტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა - ესაა საქართველოს პარლამენტის მიერ განცხადებული საერთო პოზიცია და მთავრობის წინაშე დასმული ამოცანა. საქართველო სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის. ამდენად, პოლიტიკური პოზიციების რადიკალური დაპირისპირების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ მოლაპარაკებების გზა აირჩია რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად. საგანგებო მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების ასეთი პოლიტიკის მხარდაჭერას საქართველოს საზოგადოების მხრიდან, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკური და ფინანსური თანადგომის შეუქცევადობას”, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. თუმცა, რეზოლუციის თანახმად, რუსეთი საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობას არ იზიარებს, რასაც ადასტურებს მიმდინარე წლის 10 ივლისს რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპანტურ ქმედებას. “შექმნილი ვითარება გვიჩვენებს, რომ რუსეთის პოლიტიკა მეზობელი ქვეყნების, კონკრეტულად საქართველოს მიმართ, არ გამოხატავს ანალოგიურ პასუხისმგებლობას: მიმდინარე წლის 10 ივლისს რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთის საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგან ხელოვნური გამყოფი ხაზის კიდევ ერთი მონაკვეთის მონიშვნა, კერძოდ, სოფელ ხურვალეთს, წითელუბანსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ორჭოსანის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ რუსეთის მხრიდან ეს პროვოკაციული ქმედება განხორციელდა საქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის უშუალო სიახლოვეს, იმ მონაკვეთზე, სადაც მდებარეობს ბაქო-სუფსის საერთაშორისო მილსადენის ნაწილი”, - აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი: კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე და მოქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მათ შორის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღებულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ; გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ანექსიის, საკუთრებასა და გადაადგილებაზე ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის პოლიტიკის გაგრძელებას; აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედება უპირისპირდება საქართველოს ძალისხმევას რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას: ინტენსიურად გააგრძელოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსის (შესაძლებლობის) გამოყენება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის გაზიარებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებში და ქვეყნებში. ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან განიხილონ მითითებული ტერიტორიების მთელ პერიმეტრზე პატრულირების გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის საკითხი; უზრუნველყოს ოკუპაციით დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის აღრიცხვა, დონორული და საბიუჯეტო სახსრების მობილიზება მათთვის შემწეობის აღმოსაჩენად. ამ მიზნით მუშაობის ინტენსიფიკაციისთვის გააქტიურდეს 2013 წელს შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობა; განიხილოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატში რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ამოქმედების საკითხი; მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე სტრატეგიის ჩამოყალიბების, აგრეთვე მოლაპარაკებების მიმდინარეობის განხილვის მიზნით სამთავრობო სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების თაობაზე და აუცილებლად მიიჩნევს ამ მიმართებით ძალისხმევის მუდმივ კოორდინირებას პარლამენტის შესაბამისი კომიტეტებისა და კომისიის ფორმატში; მოუწოდებს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებს, ინტენსიური პერიოდულობით, უზრუნველყონ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების და წევრი ქვეყნების დელეგაციების ინფორმირება საოუპაციო ზოლთან მიმდინარე მოვლენების შესახებ; მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, მათი ლიდერებისადმი, რომლებმაც ობიექტური შეფასება მისცეს მომხდარ ფაქტს და უზრუნველყოფენ საქართველოს ინტერესების მუდმივ მხარდაჭერას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)