04:11 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 17:32:55, 2072 ნახვა

სამართალი
პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულთა მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია 6 სექტემბერს დიპკორპუსთან დაგეგმილ ე.წ. დახურულ  შეხვედრასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთან, პროკურატურაში განმარტავენ, რომ უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას საერთაშორისო ორგანიზაციები აუცილებლად გაეცნობიან.

„საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გენერალურ პროკურატურას კიდევ ერთხელ უწევს პასუხი გასცეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული პირების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ არასწორ განცხადებას.

საქართველოს პროკურატურამ კანონით დადგენილი პროცედურებით გამოხატა ბრალდების მხარის პოზიცია, როდესაც მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და დაიწყო სისხლის სამართლის დევნა ბრალდებულთა მიმართ.

გამოძიება საწყისი ეტაპიდანვე მიმდინარეობს  ღიად და გამჭვირვალედ. პროკურატურა ამ საქმეზე საზოგადოებასთან  აქტიურ კომუნიკაციაშია და მუდმივად ახდენს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას. ამასთან, დაცვის მხარეს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მოპოვებულ მტკიცებულებებს და ჩაატაროს შემხვედრი მოქმედებები.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდების მხარის ინიციატივით, უკვე ჩართულები არიან  უცხოელი, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები.

რაც შეეხება ბრალდებულთა მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას 6 სექტემბერს დაგეგმილ ე.წ. დახურულ  შეხვედრასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ დროს არანაირი  შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აუცილებლად გაეცნობიან საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა  დაინტერესებული პირები.

აქვე დავძენთ, რომ აბსოლუტურად არაადეკვატური და მიუღებელია პრეზუმფციული ხასიათის ეჭვის შეტანა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტების მიუკერძოებლობაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ საექსპერტო დასკვნის მომზადება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შესთავაზა.

ბრალდებულთა მხრიდან ექსპერტების  საქმიანობის  და პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა ჩართულობის მიმართ ეჭვების დაფიქსირება, მათი მხრიდან პრევენციულ ხასიათს ატარებს და  მიზნად ისახავს  წინმსწრებად დასკვნის დისკრედიტაციას.

ობიექტურობის და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტის მაჩვენებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ბრალდებულთა ინტერესების გათვალისწინებით, უარი თქვა საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებაზე, როდესაც მსგავსი შინაარსის საქმეებში მხილებული პირები სასამართლოს განაჩენს  წინასწარ პატიმრობაში ხვდებიან. ამის ნაცვლად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას  დაელოდებიან არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიების პირობებში და არც მათი გადაადგილებაა შეზღუდული, მათ შორის, არც საზღვარგარეთის ქვეყნებში შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში.

საქართველოში სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს უმაღლესი სტანდარტების დაცვით და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღება საერთაშორისო  ნორმების შესაბამისად, რასაც ცალსახად ადასტურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები.

ბრალდებულთა მხრიდან ნებისმიერი მსგავსი მცდელობის მიუხედავად, საქმეზე გამოძიება გაგრძელდება ობიექტურად,   გამჭვირვალედ და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ პროკურატურა ცდილობს პოლიტიზირებულ საქმეზე, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა დიპლომატიურ კორპუსზე გადაიტანოს. სრული განცხადება იხილეთ ბმულზე: https://expressnews.com.ge/index.php?id=89190





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics