22:55 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-31 21:56:58, 345 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად

თბილისის მერია სიცრუეს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცხოველთა სამარხების შესახებ.

უწყების განმარტებით, ფაქტების დამახინჯებაა, ,,თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს”.

,,გვინდა, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც შეიცავს გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას. აღნიშნული დეზინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაციასა და მისი რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვას ისახავს მიზნად.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაქტების ისე დამახინჯება, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს.

ცხოველთა სამარხთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას.

სამარხების თვითნებური გახსნა, ცხოველთა ნეშტების ამოყრა, მათი გადაადგილება და მსგავსი ქმედებები არამხოლოდ უკანონოა, მსგავსი ჩარევა არღვევს სანიტარიულ უსაფრთხოებას, ქმნის ბიოლოგიური დაბინძურების გავრცელების რისკს, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და აზიანებს გარემოს. მოქალაქეებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ სამარხების გათხრის პროცესში, საჭიროა გაიარონ სამედიცინო შემოწმება, მათივე ჯანმრთელობის უსაფრთხოების გამო.

საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გავრცელებული ვიდეომასალა ასახავს პროცესს, რომელიც სრულად არის დაშვებული კანონმდებლობით. აღნიშნული სამარხი განკუთვნილია თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად. მათ შორის არიან ცხოველები, რომლებიც დაიღუპნენ სხვადასხვა დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად. დედაქალაქის მასშტაბით, წელიწადში ევთანაზიით ასობით, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით ათასობით ცხოველი იღუპება.

აღნიშნული ინფორმაცია არასოდეს ყოფილა დამალული ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ. პირიქით, სააგენტოს საქმიანობისა და ცხოველთა მართვის შესაბამისი პროცესების შესახებ ინფორმაცია საჯაროა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნოს მას სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ამის შესახებ კარგად არიან ინფორმირებულები სწორედ ის პირები, რომლებმაც, საზოგადოებაში დაძაბულობის და პანიკის დათესვის მიზნით, ჩაიდინეს უკანონობა და გადათხარეს დაღუპულ ცხოველთა სამარხები. ამ ადამიანებს თავადაც არაერთხელ უსარგებლიათ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სერვისით, რათა დაემარხათ მათივე გარდაცვლილი ცხოველები.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ცილისწამება, თითქოს აღნიშნულ სამარხში ცოცხალი, სპეციალურად დაძინებული ძაღლები არიან განთავსებული, რაც არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სამარხების თვითნებური გახსნისგან, ნეშტების ამოყრისგან, გადაადგილებისა და ნებისმიერი მსგავსი ქმედებისგან.

ჩვენ უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა შეისწავლონ გარკვეული ჯგუფის მიერ განხორციელებული ვანდალური ქმედება და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ასევე, თხოვნით მივმართავთ საზოგადოებას, არ აჰყვეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, არ მიიღოთ მონაწილეობა სახიფათო თვითნებურ ქმედებებში და დაეყრდნით მხოლოდ ოფიციალურ, გადამოწმებულ ინფორმაციას”,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics