22:27 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-12 11:54:27, 1405 ნახვა

სამართალი
გვარამია მხარდამჭერებს: არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც 1 თეთრის შეტანა

„გთხოვთ, თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა“, - ასე მიმართავს „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მხარდამჭერებს.

გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ გირაოს ჩარიცხვა სპეციალურ ანგარიშზე მისი თანხმობის გარეშეც შესაძლებელია და ამის შეზღუდვა ვერ მოხდება. სწორედ ამიტომ, ის მხარდამჭერებს სთხოვს, ანგარიშზე თანხა არ შეიტანონ.

„მეგობრებო, გულშემატკივრებო, თანამოაზრეებო.

წუხელ გავარკვიე, რომ გირაოს ჩარიცხვა სპეც ანგარიშზე ჩემი თანხმობის გარეშეც შესაძლებელია და ამის შეზღუდვა ვერ მოხერხდება.

ძალიან ვაფასებ თქვენს თანადგომას და დახმარების სურვილს. ძალიან ფასეულია ჩემთვის ის სიტყვები, რასაც ვიღებ, რომ გარეთ ვარ საჭირო და ეს მნიშვნელოვანია საქვეყნო საქმისთვის.

ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ღრმად პერსონალურია და ვერ დავუშვებ კომპრომისს, რამეთუ მორალურად დამანგრევს და ვეღარანაირ საქმეს მერე ვერ გავაკეთებ, ვერც საქვეყნოს და ვერც სხვას. ჩემი ეს გადაწყვეტილება ერთადერთი კონტრპასუხია, რომელიც მორალურად გადამარჩენს იმ ღრმად შეურაცხმყოფელი ბრალდებისგან, რომელიც შეთხზა ივანიშვილმა და რის გამოც ძალიან მძიმე პასუხს მიიღებს მომდევნო თვეებში.

მოკლედ, დაბეჯითებით გთხოვთ, თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა. ნებისმიერი თანხის შემტანი ძალიან დამაზარალებს რეპუტაციულად, რადგან მიცემს შესაძლებლობას ქოცებს, სასპეკულაციოდ გახადონ, რომ ეს ჩემთან შეთანხმებით მოხდა და ამგვარად, ირიბი და შემოვლითი გზებით გავაკეთე ის, რაც საჯაროდ დავგმე.

წინასწარ გიხდით მადლობას და იმედია ანგარიშს გამიწევთ და პატივს სცემთ ჩემს სრულიად შეგნებულ, ნაფიქრ, ოჯახთან შეთანხმებულ და ჩემთვის მორალურად ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას“, - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, 10 აგვისტოს, "რუსთავი2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საქართველოდან გასვლა აუკრძალა. მას გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა აქვს. თავად გვარამია აცხადებს, რომ გირაოს არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხდის. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის და აცხადებს, რომ ეს საქმე შეკერილია.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics