|
2019-02-25 18:09:06, 1869 ნახვა
ეკონომიკა
სებ-ი: TBC-სთან დაკავშირებით პარლამენტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია
ეროვნულ ბანკს პარლამენტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, - ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ექსპრესნიუსი" ეროვნული ბანკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო-საფინანსო სექტორის რეგულატორი და ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. ეროვნული ბანკი რეგულარულად ახორციელებს ქვეყანაში მოქმედი ბანკების და საფინანსო ორგანიზაციების მონიტორინგს და მათი საქმიანობის შესაბამისობას ბაზარზე დაწესებულ რეგულაციებთან. საქართველოს ეროვნული ბანკი საქმიანობას მაქსიმალური გამჭვირვალობით წარმართავს და კანონმდებლობისა და რეგლამენტის თანახმად, ყოველთვის პასუხობს საკანონმდებლო ორგანოს შეკითხვებს. თუმცა, კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ამგვარი დისკუსიებით, შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვის შემდგომ, 21 თებერვალს გავრცელდა ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, კომიტეტის მიერ შემოთავაზებული განსახილველი საკითხი ორივე მხრიდან ამოწურულია. ამასთანავე, "თიბისი ბანკი" წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და იზიარებს ეროვნული ბანკის მხრიდან დაწესებულ მოთხოვნებს. იმავე დღეს, ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ამ საქმესთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, რომელიც ეროვნული ბანკის მიმართ არსებულ ყველა კითხვას მაქსიმალურად სრულად პასუხობს. მარეგულირებლის მიერ გამოყენებული საზედამხედველო ზომების განხილვა, მით უმეტეს მას მერე, რაც თავად ეს სუბიექტი აღნიშნულ ღონისძიებებს დაეთანხმა, დარგის სპეციფიკის და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით არამიზანშეწონილად მიგვაჩნია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი ქვეყანაში მდგრადი და სტაბილური საბანკო-საფინანსო სექტორის არსებობის გარანტია. ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა ყოველთვის იმსახურებდა უმაღლეს შეფასებებს საერთაშორისო დონეზე. რაც შეეხება, კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს, რომელიც ეხება ეროვნული ბანკის მიერ 2019 წლის 1 იანვარს შემოღებულ რეგულაციებს, ეროვნული ბანკი ინტენსიურად აკვირდება რეგულაციის მიმდინარეობის პრაქტიკას და ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული დასკვნის გამოტანა ნაადრევია. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს აღნიშნული საკითხის მოგვიანებით განხილვას სთავაზობს. საყურადღებოა, რომ სარეიტინგო კომპანია FITCH-ის მიერ 22 თებერვალს გამოქვეყნებული საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების პრესრელიზი ცალსახად აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეგულაციით დაწესებული პრინციპების დანერგვა ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური რისკების შემცირებას. ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ ზრდას საშუალო და გრძელვადიან პერიოდში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)