|
2018-12-26 10:52:44, 1597 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი შეაჩეროს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი შეაჩეროს, - ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, ომბუდსმენი პარლამენტს ასევე მოუწოდოს, დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებაზე. „ექსპრესნიუსი“ ნინო ლომჯარია განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღნიშნული უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომელიც მიმდინარე წლის 16 დეკემბერს შევიდა ძალაში. კონსტიტუციური რეფორმის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის განსაზღვრა. კონსტიტუციის ახალი ვერსიის ამოქმედების შემდეგ, შესაბამისი ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, მაგრამ სამწუხაროდ, დეტალურად არ არის მოწესრიგებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის გამჭვირვალე პროცედურები, ასევე შეფასების მკაფიო კრიტერიუმები. აღნიშნული, საბჭოს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას, რომელმაც შეიძლება გარკვეულ პირთა შორის უსამართლობის შეგრძნება გააჩინოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის არის შექმნილი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში მისი ჩართულობის მიზანი (ნაცვლად პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) პროცესის გაჯანსაღება უნდა იყოს. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის პროცესი უნდა წარიმართოს გამჭირვალეობისა და ობიექტურობის მაღალი ხარისხით. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტით დადგენილ წესს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისა და მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით. ბუნებრივია, აღნიშნული მოსამართლეთა არჩევის პროცესის გაჯანსაღების ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ არა ერთადერთი. აუცილებელია გამჭვირვალობის სტანდარტი დაცული იქნას მოსამართლეთა წარდგენის ეტაპზევე და არ დარჩეს უპასუხო ლეგიტიმური კითხვები საზოგადოებას, მოსამართლეთა კორპუსს და ყველა იმ პირს, ვინც თავისი პროფესიული გამოცდილებით და კვალიფიკაციით აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კრიტერიუმებს. საქართველოს უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულების უმაღლეს საკასაციო ინსტანციას წარმოადგენს. ის განსაკუთრებულ როლს თამაშობს საქართველოს სასამართლო სისტემაში და ბუნებრივია მისი გავლენა ადამიანის უფლებების დაცვაზე უმნიშვნელოვანესია. პარალელურად აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლიდან გამომდინარე საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამ უფლების რეალიზაცია თანასწორ საწყისებზე უნდა წარიმართოს. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელების პროცესი არ იყო გამჭირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც საბჭომ იხელმძღვანელა. ასევე უცნობია, თუ რატომ არ მოხდა არც ერთი პირის წარდგენა სასამართლოს სისტემის გარედან, ასევე რატომ არ შეიძლებოდა სხვა მოქმედ მოსამართლეთა წარდგენა პარლამენტისთვის. კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტიც, რომ იუსტიციის საბჭოს 2 მოქმედი წევრი არის იმ სიაში, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტს. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შეაჩეროს წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი (პლენარულ სხდომაზე საკითხის მხარის არ დაჭერით), დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებაზე და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეიმუშავოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატთა როგორც შერჩევის, ისე წარდგენის გამჭვირვალე პროცედურა“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)