|
2018-12-21 18:30:51, 1542 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ანძა შესაძლოა, 25-წლიანი იჯარით გაიცეს
თბილისის მერმა,კახა კალაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ანძის მოდერნიზაციისა და რადიოქალაქის განვითარების პროექტები წარუდგინა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციისა და მუხიანში რადიოქალაქის განვითარების პროექტები წარუდგინა. კახა კალაძემ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ისე მოქალაქეების დასაქმების კუთხით, აღნიშნული პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა. „პროექტები, რომელთაც დღეს წარმოგიდგენთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისთვის, პირველ რიგში, ტურისტული თვალსაზრისით და ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პირველი, ეს არის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტი, სადაც რესტორნისა და გადმოსახედი ტერასის განთავსება იქნება შესაძლებელი. მეორე პროექტია რადიოქალაქი მუხიანში. ეს პროექტი არა მხოლოდ გლდანის, თემქისა და მუხიანის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის იქნება საინტერესო. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ამ ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას. მინდა, თანამშრომლობისა და ურთიერთობისთვის მადლობა გადაგიხადოთ. თქვენი როლი, ის საქმე, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებთ, ეკონომიკისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტების შესახებ დეტალურად ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ ისაუბრა. მისი განმარტებით, ორივე მათგანზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მომზადდა და ორივე კვლევაზე გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვა. ანძის შემთხვევაში, კომპანია „კოკო არქიტექტსმა“, რადიოქალაქის შემთხვევაში კი - „კოლიერსმა“ გაიმარჯვა. „დღეს ვისაუბრებთ იმ სავარაუდო გასხვისებისა და იჯარის პირობებზე, რითაც ბიზნესისთვის აღნიშნული ობიექტების გამოტანას ვაპირებთ. ამასთან, დღეს აუცილებლად აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ღია ვართ დამატებითი შემოთავაზებებისთვის იმ პირობებთან დაკავშირებით, თუ რა პირობებით გამოვიტანთ ამ ორ ობიექტს. რაც შეეხება პროექტების სავარაუდო-საორიენტაციო ჯამურ ღირებულებას, ესაა 30 მლნ აშშ დოლარი - 20 მლნ რადიოქალაქის, 10 მლნ კი - ანძის შემთხვევაში. ამ ობიექტებზე მუდმივად დაახლოებით, 250 ადამიანი დასაქმდება. ანძის შემთხვევაში, გასხვისება არ განიხილება, რადგან სტრატეგიული ობიექტია. ვფიქრობთ გრძელვადიან, 25-წლიან იჯარას, თუმცა, ბიზნესის მხრიდან გონივრული შეთავაზების შემთხვევაში, შესაძლოა, ვადასთან დაკავშირებული პირობა გადაიხედოს. ვაჭრობა შედგება იმ საიჯარო თანხაზე, რომელსაც ბიზნესი ამ ობიექტში გადაიხდის. რაც შეეხება რადიოქალაქს, ამ შემთხვევაში საუბარია გასხვისებაზე - სავარაუდოდ, იქნება პირობადადებული აუქციონი, სადაც ინვესტორი შემოვა და შეთავაზებულ პროექტს განახორციელებს. ვაჭრობა პრივატიზების თანხაზე შედგება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. მისივე თქმით, საუბარია სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის გეგმაზე, რომელიც 70 მეტრის სიმაღლეზე რესტორნის გაკეთებას, სახურავზე კი - გადმოსახედის მოწყობას გულისხმობს. განიხილება ასევე, ნებისმიერი დამატებითი ფუნქცია, რომელსაც ბიზნესი დედაქალაქის მერიას შესთავაზებს. რაც შეეხება რადიოქალაქის პროექტს, ბასილაიას განმარტებით, დაგეგმილია ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება სავაჭრო სივრცე, სპორტული მოედნები, აუზი, ბავშვთა გასართობი ზონა და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)