|
2018-11-26 19:50:05, 1028 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო - არჩევნების მეორე ტურამდე 13 151-ით შემცირდა იმ პირთა რიცხვი, ვინც ლამინირებულ პირადობებს ფლობს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კენჭისყრის დღემდე უკვე ტრადიციად ქცეული მორიგი შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე პროექტ „საარჩევნო სიების სრულყოფის" ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინტენსიური მუშაობის შედეგად, პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა სია მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დაზუსტდა. პროექტის მიმდინარეობის დროს შემუშავდა მეთოდები, რომელთა გამოყენებით მონაცემთა ბაზაში მაქსიმალურად შემცირდა საქართველოს მოქალაქეების არაზუსტი საიდენტიფიკაციო მონაცემები. პროექტის ფარგლებში ღონისძიებები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა, კერძოდ: გამოვლინდა გარდაცვალების ისეთი ფაქტები, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული სააგენტოს მიერ და 2013-2018 წლებში საარჩევნო სიიდან ამოღებულ იქნა 8 000-ზე მეტი გარდაცვლილი პირის მონაცემი; გაიზარდა იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტების მფლობელი და რეგისტრაციიდან მოხსნილი პირებისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ხელმისაწვდომობა, რაც აღნიშნული სეგმენტისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ დამზადებას გულისხმობს; მიმდინარე წლის 1 მარტიდან გამოცხადდა პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია, რომელიც 2019 წლის 1 იანვრამდე გრძელდება. იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, გარკვეული კატეგორიის პირები თავისუფლდებიან როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის განსაზღვრული საფასურის გადახდისგან. აქციის ფარგლებში, დღემდე 100 000-მდე მოქალაქემ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უსასყიდლოდ აიღო. შესაბამისად, ისინი უკვე შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. უსტიციის სამინისტრო პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის დასახვეწად და დასაზუსტებლად 2013 წლიდან მუშაობს. 2018 წელს განხორციელებული პროექტი - „საარჩევნო სიების სრულყოფა" - რიგით მეხუთეა. 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა კი უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა" - და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. „კარუსელს". იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად. დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 650 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 260 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში 2 910 000-მდე ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2018 წლის 12 ოქტომბერს მიეწოდა 3 558 437 მოქალაქის მონაცემი, 2018 წლის 12 ნოემბერს - 3 562 266 მოქალაქის მონაცემი. და ბოლოს ცესკოს თავისივე მოთხოვნით 14 ნოემბერს კიდევ დამატებით გადაეცა ისეთი 103 პირის მონაცემი, რომლებიც 12 ნოემბერს გადაცემულ მონაცემებში არ შედიოდნენ. აქედან გამომდინარე, საბოლო ჯამში ცესკოს გადაეცა 3 562 369 (3 562 266 + 103). მონაცემთა ბაზა კი არჩევნების ორ ტურს შორის 3 932 სრულწლოვანი პოტენციური ამომრჩევლით გაიზარდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის 2018 წლის 12 ოქტომბერს მიწოდებული სიის მიხედვით, არაელექტრონული პირადობის მოწმობა ჰქონდა 790 484 მოქალაქეს, ხოლო მეორე ტურისთვის ეს მონაცემი შემცირდა და 2018 წლის 12 ნოემბერს მიწოდებული სიის მიხედვით 777 331 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ მე-3 ანგარიშში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ქართული დოკუმენტების სანდოობა და უსაფრთხოების დაცვის მაღალი სტანდარტები. დოკუმენტების უსაფრთხოების კუთხით მიღწეულმა პროგრესმა კი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მგზავრობის უფლება მოუპოვა. გარდა ამისა, 2018 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ შუალედური ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ „საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შუამავლებს არ გამოუთქვამთ მნიშვნელოვანი შენიშვნები საარჩევნო სიების სიზუსტესთან დაკავშირებით." აღნიშნულ ანგარიშში, ასევე, პოზიტიურად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ „ამომრჩეველთა სიების სიზუსტის გაუმჯობესების მიზნით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრაციის მისამართიდან არიან მოხსნილი ან არ ფლობენ ვალიდურ პირადობის მოწმობას, პასპორტს ან ფოტოს, სსგს–ს მიერ ეცნობებათ და შესაძლებლობა მიეცემათ, უფასოდ აიღონ პირადობის მოწმობა ან გადაიღონ ფოტო". ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს ყურადღების მიღმა არც ის სამუშაოები დაუტოვებია, რომლებიც სააგენტომ ამომრჩეველთა სიის დახვეწისათვის გასულ წლებში გასწია. 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ODIHR-ის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარი შედეგების ანგარიშში მითითებული იყო, რომ ხელისუფლება მთელი ძალისხმევით შეეცადა ამომრჩეველთა სიის მაქსიმალურად დაზუსტებას. შეხვედრის დასასრულს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას აცნობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მეორე ტურის დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციალური ცხელი ხაზი – (+99532) 2-40-10-10 - ტრადიციულად 8:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს.
(NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)