22:44 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-31 14:01:42, 394 ნახვა

სამართალი
პრემიერი პოლიციელებს: ყოველთვის თქვენი ინტერესების დამცველი ვიქნები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავებს პროფესიული დღე მიულოცა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ღირსეული პოლიციელების როლზე ისაუბრა.

ამასთან, პრემიერმა ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას  შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესზე ისაუბრა და პოლიციელებს, რომლებსაც რეფორმასთან დაკავშირებით კითვები აქვთ, მიმართა, რომ ხელისუფლება არაფერს გააკეთებს ისეთს, რითაც ქვეყანას დაასუსტებს.

მთავრობის მეთაურმა  ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდა და აღნიშნა, რომ შემუშავებულია ახალი კანონი „პოლიციის შესახებ“, მოწესრიგდა საკანონმდებლო ბაზა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნარკოტიკული დანაშაული, ოჯახში ძალადობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხების რეგულირება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა.

„ჩვენ დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ ორგანიზებულ დანაშაულს; განსაკუთრებულად გავაძლიერეთ საქმიანობა დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების შემუშავებისა და იმპლემენტაციის კუთხით. განსაკუთრებული მასშტაბები შევძინეთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლას. ჩვენმა აგრესიულმა ნარკოპოლიტიკამ უკვე გამოიღო შედეგები და უნდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს ყველაზე საშიში ნარკოტიკის მოხმარებამ 90 პროცენტით იკლო, რაც თქვენი და ალექსანდრე ჭიკაიძის დამსახურებაა. მადლობა მას გაწეული სამსახურისთვის. პირველად, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, პოლიციამ აქტიური და ქმედითი ნაბიჯები გადადგა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი პირადი შემადგენლობა, ჩვენი პოლიციელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შემცირდეს დანაშაული და სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს უკვე სახეზე გვაქვს რეალური შედეგები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

პრემიერმა მოქალაქეთა მომსახურების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაიხვეწა  მომსახურების სააგენტო და მისი სერვისები; განვითარდა საგანგებო სიტუაციების მართვის სფერო და ნოვაციები დაინერგა 112-ის სამსახურში; დაინერგა პერსონალური მონაცემების დაცვის ახალი, საიმედო სტანდარტი; დაიწყო რეფორმები სახელმწიფო საზღვრის მართვის სისტემის მოდერნიზაციისთვის; შეიქმნა მიგრაციის მართვის თანამედროვე სამსახური და აშენდა არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონი პოლიციელთა სოციალური დაცვის გაუმჯობესების შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო და რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის ოჯახისთვის ერთჯერადად 100 000 ლარის ოდენობის და ყოველთვიურად 1000–ლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის როლს ქართული პოლიციის განვითარებაში  და სტრატეგიულ პარტნიორებს - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებით მიესალმა პოლიციელებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, ბელარუსიდან, პოლონეთიდან,  გერმანიიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან, რომლებიც პოლიციელის დღის აღსანიშნავად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ.

„მართალია, თქვენ ქართველი პოლიციელებისგან განსხვავებული ფორმები გაცვიათ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თქვენ საერთო იდეალებს ემსახურებით და საერთო მისწრაფებები გაქვთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს. მინდა იცოდეთ, რომ მე, როგორც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ამჟამად მთავრობის მეთაური, ყოველთვის ვიდგები თქვენ გვერდით და ვიქნები თქვენი ინტერესების დამცველი. გისურვებთ ყველას მშვიდობას. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად, ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით წინ უნდა ვასწრებდეთ კრიმინალს და ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც ებრძვის ჩვენს სახელმწიფოს, არღვევს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ ქართველი პოლიციელის საპატიო სახელი და გაგემართლებინოთ ჩვენი ხალხისა  და სახელმწიფოს ნდობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა პოლიციელებს.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას ქუთაისში, საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics