2018-03-23 21:28:06, 1527 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: პირველად საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში კონსტიტუციაში მკაფიოდაა განსაზღვრული ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსი
ამ კონსტიტუციით, ჩვენ ეტაპობრივად გადავდივართ საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ გადადგა ნაბიჯები პარლამენტის როლის გაზრდისკენ და ძალაუფლების მეტი წონასწორობისკენ. საგარეო საქმეთა მნისტრის აღნიშნულ განცხადებას, უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
„გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით დამტკიცებას! ამ კონსტიტუციით, ჩვენ ეტაპობრივად გადავდივართ საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ გადადგა ნაბიჯები პარლამენტის როლის გაზრდისკენ და ძალაუფლების მეტი წონასწორობისკენ, დემოკრატიული ინსტიტუტების მეტი დამოუკიდებლობისა და გაძლიერებისკენ, და რაც მთავარია, მეტი პოლიტიკური პლურალიზმისკენ. აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში კონსტიტუციაში მკაფიოდაა განსაზღვრული ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსი, რაც გამოხატავს ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ამ ცვლილებებს. ასევე, უმნიშვნელოვანესია ვენეციის კომისიის როლი, რომლის დადებითი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ადგას ევროპული სტანდარტებით განვითარების გზას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
პარლამენტმა ახალი რედაქციის კონსტიტუციაში ცვლილებები 115 ხმით, მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები გასული წლის სექტემბერში მიღებული კონსტიტუციის პროექტში აისახება, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ოქტომბერში - ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ შედის.
ახალმიღებული კონსტიტუციის კორექტირება რამდენიმე შინაარსობრივი ცვლილების განსახორციელებლად, მათ შორის ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებისა და 2020 წლის არჩევნებში, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკების დაშვების მიზნით გადაწყდა.
ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება იმგვარად მოხდა, რომ პარლამენტს განსახილველად ახალი რედაქციის კონსტიტუცია მთლიანად - პრეამბულიდან დაწყებული გარდამავალი დებულებების ჩათვლით წარედგინა და ახალი კონსტიტუციის 78-ვე მუხლის ხელახალი განხილვა, გადახედვა მოხდა. ამ პროცესში კი, მთელ რიგ მუხლებში განხორციელდა როგორც შინაარსობრივი, ასევე რედაქციული, ტერმინოლოგიური და ტექნიკური სახის ცვლილებები. მათ შორის ცვლილებები შევიდა კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ეხება.
კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ.
გარდა ამისა, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. ასევე, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.
ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი ”ხმოსანი” აღარ იარსებებს. ”ხმოსანი“ ტერმინით - ”საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.
ავტორი: ,