|
2018-03-23 20:10:13, 1695 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, მართლმსაჯულების სისტემა კიდევ უფრო დამოუკიდებელი და გაძლიერებული გამოდის
„მინდა ყველას მივულოცო უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო რეფორმის დასრულება ამით ჩვენ სრულფასოვნად გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, მართლმსაჯულების სისტემა კიდევ უფრო დამოუკიდებელი და გაძლიერებული გამოდის. „მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იქნება უფრო მაღალი ხარისხით ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, ხოლო მართლმსაჯულების სისტემა ამ ცვლილებებიდან გამოდის კიდევ უფრო დამოუკიდებელი და გაძლიერებული. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ ტექსტში დავაფიქსირეთ ისეთი სიახლეები როგორიც არის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა კანონის წინაშე, ბავშვთა საუკეთესო ინტერესი, ასევე ჩაწერილია ის, რომ შშმ პირთა უფლებები უნდა იყოს უფრო მაღალი ხარისხით დაცული და ასევე, მნიშვნელოვანია ორი რამ ჩვენთვის, იუსტიციის სამინისტროსთვის, რომ საპროკურორო საბჭო ხდება კონსტიტუციური ორგანო, მთავარი პროკურორი უფრო მაღალი ხარისხით იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე და ის რომ ადვოკატის როლი არის გაძლიერებული ამ კონსტიტუციით“,- განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიამ, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მე-18 მუხლში შეტანილი საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული ნოვაციები და ცვლილებები დადებითად შეაფასა. ახალმიღებული კონსტიტუციის კორექტირება რამდენიმე შინაარსობრივი ცვლილების განსახორციელებლად, მათ შორის ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებისა და 2020 წლის არჩევნებში, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკების დაშვების მიზნით გადაწყდა. ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება იმგვარად მოხდა, რომ პარლამენტს განსახილველად ახალი რედაქციის კონსტიტუცია მთლიანად - პრეამბულიდან დაწყებული გარდამავალი დებულებების ჩათვლით წარედგინა და ახალი კონსტიტუციის 78-ვე მუხლის ხელახალი განხილვა, გადახედვა მოხდა. ამ პროცესში კი, მთელ რიგ მუხლებში განხორციელდა როგორც შინაარსობრივი, ასევე რედაქციული, ტერმინოლოგიური და ტექნიკური სახის ცვლილებები. მათ შორის ცვლილებები შევიდა კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ეხება. კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ. გარდა ამისა, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. ასევე, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს. ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი ”ხმოსანი” აღარ იარსებებს. ”ხმოსანი“ ტერმინით - ”საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.
(NS)
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)