12:22 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 15:36:52, 2139 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისია: ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და მაჩვენებლები ამ ტენდენციის გაგრძელებაზე მიუთითებს

ევროკომისიის ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ  ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციებია შეფასებული.

დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული  საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის (DCFTA) ჩათვლით.  

დოკუმენტში საუბარია განახლებულ 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც  ნოემბრის თვეში  უნდა  იქნას მიღებული.

„ევროკავშირის ტექნიკურ რეგულაციებსა და სტანდარტებთან პროგრესული დაახლოების შედეგად, საქართველომ შეძლო სულ უფრო და უფრო გაეზარდა მისი მონაწილეობა საერთაშორისო წარმოების ჯაჭვში. 2016 წელს, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, მთლიანი ვაჭრობის 30%-იანი წილით (მთლიანი ექსპორტის 27%-იანი  და იმპორტის 31%-იანი წილით). 2017 წლის წინასწარი მონაცემები ამ ტენდენციის გაგრძელებაზე მიუთითებს. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანი ეტაპები იყო საქართველოს დაშვება ადგილწარმოშობის წესების შესახებ პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის კონვენციაზე, ისევე როგორც ევროკავშირის ბაზრის გახსნა საქართველოდან ახალი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის, როგორიცაა თევზი", - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია,  რომ ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს რეფორმების გეგმის განხორციელების მხარდაჭერას, მათ შორის ფინანსური რესურსებით იმისათვის რომ მოხდეს შეთახმებით განსაზღვრული სარგებლის მაქსიმალური გაზრდა.

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური გარემო და აღნიშნულია, რომ მიუხედავად ნეგატიური გარე ფაქტორებისა, მაკროეკონომიკური კლიმატი საქართველოში მდგრადი აღმოჩნდა. დოკუმენტში ხაზგასმულია, ასევე, რომ საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებზეა საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნეს-გარემოს თვალსაზრისით, რომელიც ხელისუფლების მიერ გატარებული მთელი რიგი რეფორმების შედეგია.

დოკუმენტში  ასევე საუბარია სწრაფად მზარდ პროგრესზე ტურიზმის სფეროში და აღნიშნულია, რომ  საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა 2017 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის, სახელმწიფო შესყიდვების, საბაჟო, ინტელექტუალური საკუთრების, სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სფეროებში.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს აკრედიტაციის სისტემის ევროკავშირის მიერ აღიარების საკითხზე, ასევე, ინდუსტრიული და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე.

ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, კერძოდ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის, ტუბერკულოზის კონტროლის, C ჰეპატიტის აღმოფხვრის და შიდსის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებებით.

ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიში 2017 წლის 10 ნოემბერს გამოქვეყნდა. დოკუმენტი  მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე და მასში  შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების პროგრესი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics