|
2017-10-30 18:21:00, 1944 ნახვა
სამართალი
ნუცუბიძეზე გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცნენ
ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახის წევრები თბილისის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის მასალებს გაეცნენ. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ადვოკატის განცხადებით, ოჯახის წევრებმა ნახეს ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს მხოლოდ პაატა პავლიაშვილის ცუდად გახდომის შემდგომ პერიოდს. „მოგვეცა საშუალება, სრულად გავცნობოდით საქმის მასალებს, მტკიცებულებებს, ვიდეომასალებს, რომელიც ამოღებულია. კადრებში არ ჩანს, როგორ ხდება ცუდად და არაა ასახული დაკავება. ოჯახმა მიიღო პირობა, რომ პერიოდულად საქმის მასალებს გააცნობენ. პრეტენზია გვაქვს, რომ დაკავების და ცუდად გახდომის კადრების გადაღება რატომ არ მოხდა“,–აღნიშნა ადვოკატმა. ამასთან, ოჯახმა დღეს დაზარალებულად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პროკურორის მოადგილემ. გიორგი გოგაძეც ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათთვის მიწოდებულ ვიდეოებზე ასახულია მხოლოდ მამაკაცის ცუდად გახდომის შემდგომი პერიოდი და არაა აღბეჭდილი დაკავების მომენტი. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. „იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. თვითმხილველების თქმით, დაკავებისას მამაკაცი ამბობდა, რომ ცუდად იყო, თუმცა არ დაუჯერეს. თუმცა, შსს-ში აცხადებენ, რომ ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა პირველად სწორედ პატრულ-ინსპექტორმა გამოიძახა. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს და დამატებით განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა უშუალოდ ინციდენტის დროს, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერებისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, ასევე დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აღმოჩნდა გარე პერიმეტრის მხოლოდ ერთადერთი ვიდეოკამერა, ამოღებული იქნა შესაბამისი ვიდეოჩანაწერი, თუმცა იგი არ ფარავს პ.პ-ს ადმინისტრაციულად დაკავების ადგილს. პროკურატურის ცნობით, სამხრე კამერების მიერ ნუცუბიძეზე მომხდარი ინციდენტი და პირის დაკავება დაფიქსირებული არ არის. კერძოდ, უწყებაში ამბობენ, რომ ერთ–ერთმა პატრულ ინსპექტორმა სამხრე კამერა მხოლოდ მამაკაცის შეუძლოდ გახდომისა და ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ ჩართო, მეორე ინსპექტორის სამხრე კამერა კი ჩართული საერთოდ არ ყოფილა.
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)