18:25 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 17:56:25, 1939 ნახვა

სამართალი
არასამთავრობოები: ნუცუბიძეზე მომხდარმა ფაქტმა აჩვენა, რომ პოლიციისა და მოქალაქის კომუნიკაციის სათანადო დოკუმენტირება პრობლემაა

არასამთავრობო  ორგანიზაციები  მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე, მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან,  რა დროსაც  გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ მოქალაქის დაკავებას ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მისი გარდაცვალება მოჰყვა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქმეზე გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს და ამ ეტაპზე შეუძლებელია კონკრეტულ ვერსიაზე ან სამართალდამცავების ბრალეულობაზე საუბარი.

ამავდროულად, საქმის გამოძიების მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,  საქმესთან დაკავშირებით ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის შეფასება მნიშვნელოვნად მიაჩნიათ:

„25 ოქტომბრის შემდეგ საზოგადოების მოლოდინი პოლიციელების სამხრე ვიდეო-კამერებისა და საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე დამონტაჟებული ვიდეო-კამერით შემთხვევის დროს დაფიქსირებული ვიდეო-ჩანაწერების გასაჯაროება იყო. თუმცა, როგორც პროკურატურის გუშინდელი განცხადებით გახდა ცნობილი, ინციდენტში მონაწილე არცერთი სამართალდამცავის სამხრე კამერაზე, ისევე როგორც საპატრულო  მანქანის ვიდეოკამერაზე სრულად არ არის აღბეჭდილი ინციდენტის განვითარება, უშუალოდ დაკავების ეპიზოდი და მისი წინარე პერიოდი, სადაც გამოჩნდებოდა, იყო თუ არა საფუძვლიანი მოქალაქის დაკავება, რა ძალა გამოიყენა პოლიციამ დაკავების ეპიზოდში, როგორ მოიქცა პოლიცია მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, ადგილი ხომ არ ჰქონდა სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივ გულგრილობას, ან სხვა ტიპის დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა შეეძლო გამოეწვია.

აღნიშნულ ეპიზოდზე ვიდეო-ჩანაწერების არარსებობა კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში ამ საქმეზე არსებულ კითხვებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც შს სამინისტროში მოქმედი შიდა ინსტრუქციითა და ეთიკის კოდექსით, პატრულის თანამშრომელი ვალდებულია აწარმოებდეს ვიდეო-გადაღებას. სამხრე ვიდეო კამერების ჩანაწერები მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, თუ სხვა ტიპის დარღვევას ადგილი. შესაბამისად, ასეთი ჩანაწერი შესაძლოა გამოყენებული იყოს მოქალაქის მხრიდან საკუთარი უდანაშაულობის სამტკიცებლად, ან პირიქით, სამართალდამცავის მიერ, საკუთარი ქმედების მართლზომიერების დასასაბუთებლად. ამ საქმემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პოლიციისა და მოქალაქის კომუნიკაციის სათანადო დოკუმენტირება არის პრობლემა, რაც როგორც წესი მოქალაქის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. ვიდეოგადაღება ცხადია არ არის და არც უნდა იყოს პოლიციელის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული და მნიშვნელოვანია, რომ ყველა საპოლიციო თუ საგამოძიებო მოქმედება უწყვეტ რეჟიმში ფიქსირდებოდეს სამხრე ვიდეო-კამერით.

უშუალოდ დაკავების ეპიზოდის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერების არარსებობის მიუხედავად, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა სათანადო დამაჯერებლობით უპასუხოს პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეში არსებულ ყველა კითხვას. ასევე, აუცილებელია დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს რა არის რეალურად ჩანაწერების არარსებობის მიზეზი. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ხომ არ ჰქონდა ადგილი ვიდეო ჩანაწერებზე მანიპულირებას, მათი დაზიანების ან განადგურების მიზნით. ამავდროულად, პროკურატურამ მიმდინარე გამოძიება უნდა წარმართოს მაქსიმალური გამჭვირვალობით და უზრუნველყოს საქმეში დაზარალებულის ოჯახის წევრების ჩართულობა, რათა მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე“,–ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე ეხმაურებიან 25 ოქტომბრის ტრაგიკულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების  ფორმას და მას არაეთიკურს უწოდებენ:

„უწყების მიერ მომზადებულ სპეციალურ ვიდეო-რეპორტაჟში  დაღუპულზე მისი ერთ-ერთი მეზობელი საუბრობს და აჟღერებს მისი პირადი ცხოვრების და ჯანმრთელობის შესახებ ცნობებს, ამავდროულად ასახელებს დაღუპვის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზს - თრობას. აღნიშნული სიუჟეტით უწყება ცალსახად ცდილობდა დაღუპულზე უარყოფითი შთაბეჭდილების შექმნას და საზოგადოებისთვის მისი გარდაცვალების წინასწარი ვერსიის მიწოდებას.

მომხდარი შემთხვევა არის სამწუხარო დადასტურება იმ პრობლემების, რომლებზეც ბოლო წლებში აქტიურად საუბრობს  არასამთავრობო სექტორი. ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ აყენებს დღის წესრიგში პოლიციის სისტემური რეფორმის საჭიროებას, რომელმაც უნდა შექმნას რეალურად ხალხის სამსახურში მდგომი სამართალდამცავი უწყება, რომლის მიმართაც საზოგადოებას ექნება მაღალი ნდობა და თანამშრომლობის სურვილი. ამავდროულად, საჭიროა შეიქმნას ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უპასუხებს სამართალდამცავების დაუსჯელობის პრობლემას“,–ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:

საქართველოს პროკურატურას, უზრუნველყოს საქმის დროული, ეფექტური და ობიექტური გამოძიება, აგრეთვე მასში დაზარალებულის ოჯახის ჩართულობა, რათა მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე და გატარებულ ღონისძიებებზე;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

შეიმუშავოს პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების პრევენციის ერთიანი სტრატეგია;

აღჭურვოს მოქალაქეებთან უშუალო შემხებლობაში მყოფი ყველა თანამშრომელი სამხრე-ვიდეო კამერით, აგრეთვე განსაზღვროს აღნიშნული ტექნიკური საშუალების გამოყენების ერთიანი წესები;

მიაწოდოს საზოგადოებას განმარტება, ვინ არის პასუხისმგებელი ინცინდენტზე მომზადებულ ვიდეოზე და რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული მასალის მომზადება;

საქართველოს მთავრობას და პარლამენტს:

გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური რეფორმის მიმართულებით და დაიწყოს მუშაობა ახალი ტიპის სამართალდამცავი სამსახურების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეულ მოქალაქეზე, მათი უფლების დაცვასა და მათთან ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე;

შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც უფლებამოსილი იქნება სამართალდამცავების მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაულზე აწარმოოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.

განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ადამიანის უფლებათა ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics