14:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 19:09:09, 2603 ნახვა

მსოფლიო
„გერმანიის დედიკო“ კანცლერობის მე-4 ვადის მოლოდინში - ხვალ ბუნდესტაგის არჩევნები გაიმართება

გერმანიაში ხვალ ბუნდესტაგის საყოველთაო არჩევნები გაიმართება.

გერმანია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. შესაბამისად ქვეყანაში გამართული არჩევნები დიდ გავლენას ახდენს ევროკავშირის პოლიტიკაზეც. აღსანიშნავია, რომ  2019 წელს დიდი ბრიტანეთის ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგ ეს გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება.

როგორ ტარდება არჩევნები? - გერმანიაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მოქალაქეს, რომელმაც 18 წელს მიაღწია. საპარლამენტო არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის თანახმად ტარდება. ეს გულისხმობს იმას, რომ დაახლოებით 61.5-მილიონიან ამომრჩეველს ექნება ორი საარჩევნო ბიულეტენი. ერთით ხმას მისცემს ოლქის კანდიდატს, ხოლო მეორეთი - პოლიტიკურ პარტიას. ოლქში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ხმების უმეტესობას. ქვეყანა 299 საარჩევნო ოლქზეა დაყოფილი და თითო ოლქიდან თითო დეპუტატი ირჩევა. შესაბამისად, მოსახლეობა 299 დეპუტატს აირჩევს. პარტიული სიით ხმის მიცემა 16 მრავალმანდატიან ოლქში ტარდება. (მრავალმანდატიან ოლქს წარმოადგენს ნებისმიერი ფედერალური რეგიონი/მუნიციპალიტეტი). აქედან დეპუტატების კონკრეტულ რაოდენობას, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე ირჩევენ. პროპორციული მანდატები ნაწილდება იმ პარტიებზე, ვინც მინიმუმ 3 ოლქი მოიგო ან ვისმა სიამაც ხმების 5%-ზე მეტი დააგროვა. არჩევნებში მონაწილეობას სულ 4828 კანდიდატი იღებს, აქედან 29% ქალია. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხანდაზმული კანდიდატი 89 წლის არის, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 18-ის. მანამდე ბუნდესტაგის არჩევნებში მხოლოდ 4-მა პარტიამ გაიმარჯვა, ახლა კი, რაოდენობა სავარაუდოდ 6-მდე გაიზრდება. სულ არჩევნებში 34 პარტია მონაწილეობს.

პარტიები და კანცლერობის კანდიდატები:

„ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ კანცლერობის კანდიდატი ანგელა მერკელია. თუ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებს დავუჯერებთ, ბუნდესტაგის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ყველა შანსი აქვს იმისათვის, რომ კიდევ 4 წლის განმავლობაში კანცლერის თანამდებობა ეკავოს. ანგელა მერკელის პარტიას ამომრჩეველთა 37% უჭერს მხარს.
 

„სოციალ-დემოკრატიული“ პარტია გერმანიის ყველაზე ძველი პოლიტიკური პარტია. აღნიშნულ პარტიას ბუნდესტაგში 193 დეპუტატი წარმოადგენს. "სოციალ-დემოკრატების" კანცლერობის კანდიდატი ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი მარტინ შულცია. პარტიას ამომრჩეველთა 23% უჭერს მხარს. თავის განცხადებებში შულცი აღნიშნავდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში სურს გაზარდოს გადასახადები მაღალი შემოსავლის მქონე პირებისათვის, ხოლო დაბალი შემოსვლის მქონეთათვის შეამციროს. ზოგი მას გერმანელ ბერნი სანდერსს უწოდებს.

„თავისუფალ-დემოკრატიულ“ პარტიას მოქმედ პარლამენტში წარმომადგენლობა არ ჰყავს. თავისუფალი დემოკრატები იგივე ლიბერალები გამოცოცხლდნენ და პოლიტიკურ ასპარეზზე 38 წლის კრისტიან ლინდნერის ხელმძღვანელობით გამოჩნდნენ. სწორედ კრისტიან ლინდრენი არის პარტიის კანცლერობის კანდიდატი. ის ძირითად განათლებას და ციფრულ ეკონომიკას განიხილავს. ლინდრენი თვლის, რომ რუსეთისადმი დაწესებული სანქციები არ უნდა გაუქმდეს. გამოკითხვის თანახმად მათ ამომრჩეველთა მხოლოდ 9% უჭერს მხარს.

„მწვანეთა პარტიას“ მოქმედ პარლამენტში მხოლოდ 63 დეპუტატი ჰყავს. ბოლო კვლევით დადგინდა, რომ მათ ამომრჩეველთა 8% უჭერს მხარს. "მწვანეებს" კანცლერობის ორი კანდიდატი ჰყავთ - კატრინ გერინგ-ეკარდი და ჩემ ოზდემირი. ისინი მოუწოდებენ ანგელა მერკელს თურქეთთან უფრო მკაცრი პოლიტიკა აწარმოოს.
 

„მემარცხენეებს“ ბუნდესტაგში 64-კაციანი წარმომადგენლობა ჰყავს. გამოკითხვების თანახმად მათ ამომრჩეველთა 9% უჭერს მხარს. მემარცხენეებს "მწვანეთა პარტიის" მსგავსად კანცლერობის 2 კანდიდატი ჰყავთ - ზარა ვაგენკნეჰტი და დიტმარ ბარტჩი. ისინი ცნობილი არიან ფაშისტური გამონათქვამებით.

 

 

 

„ალტერნატივა გერმანიისათვის“ 2013 წელს ჩამოყალიბდა. პარტია უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელია. პარტია ანტიისლამურ პოლიტიკას და ანტიიმიგრაციულ ლოზუნგებს აცხადებს. აღსანიშნავია, რომ ისინი არჩევნებში მეორედ იღებენ მონაწილეობას, თუმცა მოქმედ პარლამენტში წარმომადგენლობა არ ჰყავთ. გამოკითხვის მიხედვით, პარტიას ამომრჩეველთა 10% უჭერს მხარს. 2017 წლის არჩევნებზე პარტია კანცლერობის 2 კანდიდატს წარადგენს - ალის ვეიდელის და ალექსანდერ გაულანდის. "არ მსურს ჩემს გვერდით ფერადკანიანი ფეხბურთელი ცხოვრობდეს. მიგრაციის საკითხებში კომისარი და მინისტრი აიდან ოზოგუსი თურქეთში, თავის სამშობლოში უნდა გავგზავნოთ", - აცხადებენ პარტიის ლიდერები. პარტია სავარაუდოდ ბუნდესტაგში შესული დეპუტატების რაოდენობით მესამე ადგილს დაიკავებს. 

რატომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი? 

2017 წლის არჩევნებში, ბუნდესტაგში შესაძლოა შევიდნენ დეპუტატები 6 სხვადასხვა პარტიიდან. ეს  კი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება. ამასთან, ეს პირველი საყოველთაო არჩევნებია, რომელიც 2015 წლის მიგრაციული კრიზის შემდეგ გაიმართება. მაშინ მერკელის ხელისუფლებამ "ღია კარის" პოლიტიკის შესახებ განაცხადა, რის შედეგადაც ქვეყანაში თითქმის 900 ათასი მიგრანტი ჩავიდა. მაშინ კანცლერი ამბობდა, რომ აღნიშნულ კრიზისს გაუმკლავდებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ ასეც მოხდა. თუმცა, აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ანგელა მერკელის პარტიამ მხარდამჭერების დიდი ნაწილი დაკარგა.

გერმანიის პოლიტიკურ ცხოვრებაში მასშტაბური ცვლილებები ხდება. გარდა ამისა, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ გერმანია-თურქეთის დაძაბული ურთიერთობები, რომლის დარეგულირებას ცდილობს მმართველი ძალა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი აგრესიას არ მალავს და გერმანიაში მცხოვრებ თანამემამულეებს მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ ან ხმა ნებისმიერ სხვა პარტიას მისცენ, გარდა მმართველი პარტიისა. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, გერმანია რჩება ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ ევროპის კონტინენტზე და პოლიტიკურ ველზე ამინდის შექმნას აგრძელებს.

ანგელა მერკელის მთავარი კონკურენტი სოციალ-დემოკრატი მარტინ შულცია, რომელიც როგორც მოგახსენეთ ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ექსპერტების შეფასებით, შულცის გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მოქმედ კანცლერთან გამართულ ტელედებატებს მან თავი ვერ გაართვა. ამ ყველაფერზე გავლენას ის ფაქტიც ახდენს, რომ შულცის პარტია ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელისუფლებო პარტიასთან შემდგარ კოალიციაში იყო. ექსპერტები აცხადებენ, რომ შულცს ამომრჩევლების "სხვა ხასიათზე მოსვლა გადაარჩენს". მერკელს უმართლებს იმ კუთხითაც, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. ხელისუფლება ბიუჯეტში უფრო მეტ ფულს დებს, ვიდრე ხარჯავს ამას კი, ამომრჩევლები აკვირდებიან. აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე 3 კვირით ადრე კანცლერობისთვის მებრძოლი კანდიდატები ერთმანეთს ტელედებატებში დაუპირისპირდნენ. მაშინ ტელედებატებში გამარჯვებულად ანგელა მერკელი დასახელდა. "გერმანიის დედიკოს", როგორც მას ეძახიან, Infratest Dimap-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მაყურებელთა 55 % უჭერს მხარს, მარტინ შულცს კი, მხოლოდ 35% უჭერს მხარს.

რაც შეეხება საქართველო-გერმანიის ურთიერთობას, საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იქნება ქრისტიან-დემოკრატებისა და ლიბერალების მმართველი კოალიცია, რადგან ორივე პოლიტიკური ძალა ემხრობა რუსეთის დაკისრებულ სანქციებს. რა შედეგებით დასრულდება ბუნდესტაგის არჩევნები და დაიკავეს თუ არა ანგელა მერკელი კანცლერის პოსტს მე-4 ვადით ხვალ გაირკვევა, მანამდე კი,  გერმანია არჩევნებისთვის ემზადება.

 

ბელა არუთინოვი





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics