12:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-08 10:49:38, 3105 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება მსოფლიო
რუსეთის საგარეო: თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის გაძლიერებამ, შეიძლება სასარგებლო პროცესი გაწყვიტოს

თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის გაძლიერება და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების მტრული რიტორიკის გახშირება სულ უფრო ეწინააღმდეგება სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების გამყარების ტენდენციას და შესაძლებელია, ორივე ერისთვის ობიექტურად სასარგებლო პროცესი გაწყვიტოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

შესაბამისი განცხადება უწყებამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ტრადიციულად ქართულ-რუსული კავშირების განვითარების საკითხები განიხილიეს. კერძოდ კი: ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული კავშირები.

„ამ სფეროებში შედეგები სანიმუშოა. მაგალითად, მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ კვარტალში, რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობა 10%-ით გაიზარდა და 302 მილიონი დოლარი შეადგინა. გაორმაგდა ქართული ღვინის შემოტანა რუსეთის ტერიტორიაზე, ნარჩუნდება სოფლის მეურნეობის იმპორტის ზრდისა და რუსული კაპიტალდაბანდებების შედინების ტენდენცია.  იზრდება რუსი ტურისტების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ. სამწუხაროდ, ამ სფეროში ნორმალურ თანამშრომლობას ხელს უშლის საქართველოში მოქმედი კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

ორმხრივი ვაჭრობის ზრდამ საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა გაზარდა, რაც აქტუალურს ხდის საქართველოს სამხედრო გზაზე უწყვეტი მოძრაობის გამართვას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარეები შეთანხმდნენ, უახლოეს პერიოდში შეიმუშაონ პრაქტიკული გეგმები „ზემო ლარსის - ყაზბეგის“ გამშვები პუნქტის მოდერნიზაციის საკითხის თაობაზე, დაინტერესებული უწყებების ექსპერტების მონაწილეობით. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება 2011 წლის შეთანხმების ძალაში შესვლა, ვაჭრობის მონიტორინგისა და საბაჟო ადმინისტრირების შესახებ. მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა დოკუმენტში გათვალისწინებული ყველა პუნქტი შეასრულონ და ასევე, უახლოეს მომავალში ხელი მოაწერონ კონტრაქტს, შვეიცარულ კომპანიასთან, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს და 22 წლის შეტანხმება ძალაში შევა", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადების თანახმად, შეხვედრაზე აღინიშნა რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო კავშირის განვითარების შესახებაც.

„მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობისა და ორმხრივი კავშირების ნორმალიზება. ამასთან ერთად, რუსულმა მხარემ კვლავ გაუსვა ხაზი, რომ თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის გაძლიერება და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების მტრული რიტორიკის გახშირება სულ უფრო ეწინააღმდეგება სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების გამყარების ტენდენციას და შესაძლებელია, ორივე ერისთვის ობიექტურად სასარგებლო პროცესი გაწყვიტოს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 7 ივლისს პრაღაში შედგა. მორიგი შეხვედრა კი, მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics