15:47 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 20:31:21, 2663 ნახვა

სამართალი
კახა კახიშვილი დეზინფორმაციის გავრცელების გამო, გიორგი ბაჯელიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელს გიორგი ბაჯელიძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებლის გიორგი ბაჯელიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამართულ ტენდერებთან დაკავშირებით.

როგორც მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის განმარტებას, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებისთვის აკეთებს.

„საუბარი იყო იმაზე, რომ 3 კომპანიას გამარტივებული წესით გავუფორმეთ ხელშეკრულება. ყველასთვის კარგადაა, ცნობილი, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს პრიორიტეტია პატიმრების დასაქმება, ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ბიზნეს წახალისებები კეთდება იმისთვის, რომ ბიზნესმა გახსნას და საწარმოებში დაასაქმოს პატიმრები. ეს არის ევროკავშირის რეკომენდაციები სასჯელაღსრულების უწყებისთვის, რათა მოხდეს ბიზნესის ინტერესების დაცვა, რომ რაც შეიძლება მეტი საწარმო გაიხსნას სამინისტროში და პატიმრები დასაქმდნენ. ზუსტად ამ მიზნით გამოცხადდა ღია კონკურსები და არა დახურული, როგორც ამ განცხადების ზოგზოგიერთი ავტორი იყო მიჩვეული თავის დროზე, როდესაც მუშაობდა შესყიდვებში და კონვერტებით უგზავნიდა წინადადებებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე იყო წინადადებები გამოქვეყნებული კონკურსთან დაკავშირებით. ყველა ის კომპანია, რომელიც შემოვიდა, იხდის გადასახადებს ჩვენს დაწესებულებებში მიწით სარგებლობისთვის, ვალდებულებებში აქვს ინვესტიციების ჩადება, მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიას ჩადებული აქვს 300 000 ლარი და ასევე პატიმრების დასაქმება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში კვებას კომპანია „ნილი“ უზრუნველყოფს, რომელსაც „ქართულ ოცნებაში“ 120 000 ლარი აქვს გადარიცხული.

„კომპანია „ნილს“ ერთი დღეც არ ჰქონია სასჯელაღსრულების სამინისტროში კვების ტენდერთან შეხება. კომპანია „ნილი“ 30 დეკემბერს ტენდერში მონაწილეობდა, მაგრამ მან ტენდერი წააგო და ამის შემდეგ აღნიშნულ კომპანიასთან სამინისტროს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხი ეხებოდა ორგანიზაციას „ქალი და ბიზნესი“, თითქოს აღნიშნული ორგანიზაცია დაახლოებულია სამინისტროსთან და უწყება მისგან ბალიშებსა და ლეიბებს გამარტივებული წესით ყიდულობს.

„აღნიშნულმა ორგანიზაციამ ევროკავშირის გრანტით შეიძინა სპეციალური ხელსაწყოები და ქალთა დაწესებულებაში შექმნეს სამკერვალო ფაბრიკა, სადაც ქალბატონებს კერვა ასწავლეს და ისინი ევროკავშირის გრანტით ფინანსდებოდნენ. მას შემდეგ, როდესაც გრანტის ვადა გავიდა, ეს საწარმო ადგილზე დარჩა, ბუნებრივია, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ მონაწილეობა მიეღოთ ციხის ტენდერებში. სამინისტროს გვაქვს მთავრობისგან ნებართვა, რომ პირდაპირი წესით შევისყიდოთ ციხეში დამზადებული პროდუქცია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ფასი საბითუმოს არ აღემატება, თუმცა, ასევე იყო შემთხვევები, როცა ჩვენ მათგან ვერ შევისყიდეთ პროდუქცია, ვინაიდან მათი ფასი იყო უფრო მაღალი“, - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა და დასძინა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანა იგეგმება.

„დეზინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა აუცილებლად დასრულდება გიორგი ბაჯელიძის სასამართლოში გამოცხადებით. ჩვენ ვგეგმავთ, რომ სარჩელი შევიტანოთ მისი და მისი ორგანიზაციის წინააღმდეგ. ვინაიდან გაკეთდა განცხადება კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით, მივმართავ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე, გამოიძახონ ბატონი ბაჯელიძე მოწმის სახით, გააფრთხილონ ცრუ დასმენაზე პასუხისმგებლობის შესახებ და თუ მისი განცხადებები არ დასრულდება ბრალის დადასტურებით, მაშინ მას მოუწევს ბრალის აღიარება. სხვათა შორის, სანქცია არის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და იმედი მაქვს, ზოგიერთი ამის შემდეგ გამოსწორდება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics