|
2017-05-04 13:26:10, 2133 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს მიმართ ევროპის საბჭოს ინტერესი იზრდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისთვის, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ევროპის საბჭოს ინტერესი იზრდება. "ფაქტობრივად, პირველად სახელმწიფოებმა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებაში პირდაპირ ჩამოაყალიბეს პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის უკანონო ყოფნის გამო საქართველო საკუთარ რეგიონებში ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას. მიღებულ გადაწყვეტილებაში ასევე პირველად დაფიქსირდა, რომ კონფლიქტი არის რუსეთსა და საქართველოს შორის. გადაწყვეტილებაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ რუსეთის ფედერაციის არც ერთ უკანონო აქტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ ექნება სამართლებრივი შედეგი. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველოს ეს ძირძველი რეგიონები გახდნენ რუსეთის ნაწილი და მოხდეს ამის საერთაშორისო სამართლებრივი ლეგიტიმიზაცია, იმთავითვე იქნება უკანონო და ამას სახელმწიფოები არ აღიარებენ. გადაწყვეტილებაში ასევე ჩამოყალიბდა მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პოლიტიკა და ქმედებები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ასევე ყურადღება გამახვილებულია ადმიანის უფლებათა დარღვევებზე და ა.შ. მიღებული გადაწყვეტილება ქმნის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და სამართლებრივ სურათს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას. ხაზს უსვამს რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას. საქართველოს მიმართ ევროპის საბჭოს ინტერესი იზრდება",- განაცხადა ჯანელიძემ. მინისტრმა ამგვარი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე საქართველოს პარტნიორებს მადლობა გადაუხადა. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1285-ე სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" ფარგლებში, უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, მიღებულ გადაწყვეტილებაში პირველად დაფიქსირდა, რომ კონფლიქტი არის რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი - მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პოლიტიკა და ქმედებები, მათ შორის, ე.წ. ხელშეკრულებების დადება საქართველოს რეგიონებთან და ჩატარებული რეფერენდუმები/არჩევნები, ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას, აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და იურიდიული ძალის არმქონეა. გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის არცერთ უკანონო აქტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ ექნება სამართლებრივი შედეგი. შესაბამისად, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს და გააუქმოს ეს პროცესი და დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. გადაწყვეტილებაში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი გამოხატავს ღრმა წუხილს, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მიმართ მუდმივი მოწოდებებისა, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ შეწყვიტოს ხელოვნური დაბრკოლებების აღმართვის პროცესი, რომელიც ყოფს ოჯახებსა და საზოგადოებას, არღვევს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და ართულებს კონფლიქტის მოგვარებას ორ წევრ სახელმწიფოს შორის, ის განაგრძობს ამ პროცესს. გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთის რეგიონის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ „გამშვები პუნქტების" დახურვა ხელისშემშლელია ადგილობრივი მაცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებისა და საარსებო წყაროთი უზრუნველყოფისათვის და კიდევ უფრო გააუარესებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას. გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ამ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის მქონე სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება, შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების უფლების დასაცავად, მოხსნას შეზღუდვები ადმინისტრაციულ ხაზზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს პირთა უკანონო დაკავება, დაიცვას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიებზე. გადაწყვეტილებაში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობასთან ჰუმანიტარული საქმიანობის გაღრმავების მიზნით, მათ შორის, ამ რეგიონების მცხოვრებთა განათლების მიღებისა და უფასო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიმართულებით. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ევროპის საბჭოს მოქმედი ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)