20:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 16:32:00, 1822 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: საკონსტიტუციო ცვლილებებზე ასეთი ფართომასშტაბიანი პროცესის გამართვა არასდროს იყო შესაძლებელი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, აქამდე საქართველოში არ ყოფილა შესაძლებლობა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ასეთი ინკლუზიური და ფართომასშტაბიანი პროცესი გამართულიყო.

მისივე თქმით, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ  მიღებული ცვლილება შეიძლება რომელიმე პოლიტიკოს მოეწონოს და  რომელიმეს - არა.

„ვფიქრობ, ამგვარი შესაძლებლობა არასდროს იყო ქვეყანაში, რომ საქართველოს კონსტიტუციის  ცვლილებებთან დაკავშირებით,  ასეთი ინკლუზიური, ფართომასშტაბიანი, მრავლისმომცველი პროცესი გამართულიყო. აბსოლუტურად ადეკვატურად ვიღებ იმას, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას შეიძლება  ეს მოსწონდეს, ვინმეს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ თავისთავად პროცესი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ეჭვი არავის გვეპარება. ასევე, იცით, რომ ვენეციის კომისიაც განიხილავს ამ დოკუმენტს, ხელისუფლება ძალიან ღია ვართ იმისათვის, რომ იყოს ასახული მაქსიმალური ჩართულობა როგორც საერთაშორისო, ასევე ჩვენი სამოქალაქო სექტორის და ამავე დროს, საერთაშორისო მაღალკვალიფიციური ორგანიზაციების. ასე ვაპირებთ ბოლომდე მუშაობის გაგრძელებას, დანარჩენს დრო გვაჩვენებს. ყველაფერზე თანხმობა არ შეიძლება რომ იყოს. ეს ნორმალური პროცესია. ვიღაცას რაღაც მოეწონება, ვიღაცას-არა. მთავარია, ფუნდამენტურად თუკი ჩვენ ვიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ვენეციის კომისიის შეფასებებსაც, ალბათ, ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში ისევე, როგორც აქამდეც  ყოველთვის ჰქონია საქართველოში“,-განუცხადა ჟურნალისტებს  ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს 43 ხმით, 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ხელისუფლება საკუთარი ხელით იზღუდავს სუბიექტურ გარანტიებს.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცვლილებები მმართველი გუნდის სუბიექტურ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამ სულისკვეთებით არის ჩამოყალიბებული დოკუმენტი. პარლამენტის მხრიდან ჩვენ წინაშე დასახული იყო ორი ამოცანა.

პირველ რიგში ეს იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და ეს მიზანი არის ზედმიწევნით მიღწეული. რაც შეეხება მეორე მიზანს, ეს იყო ძალიან მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის შექმნა სტაბილური, პლურალისტური, დემოკრატიული საპარლამენტო მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის. მეორე მიზანიც ზედმიწევნით მიღწეულია. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, პარლამენტში ამ დოკუმენტს მხარდაჭერა ექნება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ ცვლილებების დაახლოებით 70-80 პროცენტი, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახა, ეკუთვნოდა სწორედ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვადასხვა კონსტიტუციურ ორგანოებს.

„ასეთი ჩართულობის და ინკლუზიურობის მასშტაბი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიების მუშობის ჩვენს მოკლე ისტორიას არ ახსოვს. ფართო ჩართულობის საფუძველზე ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და რომელიც აყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის მოდელს, რომელიც ეფუძნება ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საარჩევნო სისტემის დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლებები ყოველთვის საარჩევნო სისტემას საკუთრი სუბიექტური ინტერესებისთვის ცვლიდნენ და საარჩევნო სისტემა არის სწორედ მთვარი ფუნდამენტური მიღწევა წარმოდგენილი ცვლილებების.

„ეს არის უპრეცედენტო მოვლენა. ჩვენ პირველად გადავდგით ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ. ეს პროპორციული სისტემა საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ გამორიცხული იქნება ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბება ქართულ რეალობაში გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ მიერ შემოთავაზებული საპარლამენტო საარჩევნო სისტემა გამორიცხავს ყოველგვარ ჭარბ უმრავლესობას, მით უმეტეს საკონსტიტუციო უმრავლესობას. საარჩევნო სისტემა არის სწორედ მთვარი ფუნდამენტური მიღწევა იმ ცვლილებების, რომელიც ჩვენ მიერ არის შემოთავაზებული“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დოკუმენტი ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში მომდევნო კვირის განმავლობაში შევა, არაუგვიანეს მომდევნო კვირის ხუთშაბათისა. ამის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა უნდა ჩამოაყალიბოს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია და ამ კომისიის ფორმირების შემდეგ, დაიწყება შეხვედრები რეგიონებში.

„ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით სრულფასოვან ინფორმაციას კონსტიტუციასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, დღემდე საზოგადოებას მიეწოდებოდა მხოლოდ და მხოლოდ არსებითად დამახინჯებული ინფორმაცია იმ ცვლილებების თაობაზე, რომლებიც კონსტიტუციაში შედის. ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოება სწორად ჩავაყენოთ საქმის კურსში ცვლილებებთან დაკავშირებით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ სხვადასხვა ფორმით საყოველთაო -სახალხო განხილვის ფარგლებში“, -აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მაისის ბოლოს დოკუმენტის განხილვა დასრულდება, დაიწყება საპარლამენტო განხილვები და პარლამენტი ივნისის თვის განმავლობაში ორი მოსმენით გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას და მიღებას.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება მისი ინიცირებისთანავე ანუ მომდევნო კვირის განმავლობაში და კონსტიტუციური კონონის პირველი და შემდეგ მეორე მოსმენით მიღებამდე, პარლამენტს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ექნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics